კახა ბექაური - სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის მექანიზმი, რომ კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ
კახა ბექაური - სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის მექანიზმი, რომ კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ

მოხდა შეთანხმება და კონსენსუსი ბიზნესთან და კარგია, რომ გაზიარებულ იქნა ჩვენი მოსაზრება, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები და რაც მთავარია მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო, – აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რათა კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. ბექაურის განცხადებითვე, სატარიფო კონტროლისა და აბონენტების ინტერესების დაცვას სახელმწიფოს კანონში არსებული ეფექტური მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს.

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ნებისმიერ პირს ბარიერებისა და ხელშეშლის გარეშე შეეძლოს შესვლა და ბიზნესის კეთება. მობილური კომუნიკაციების და ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენტული გარემო, ამისთვის კი, ბიზნესისთვის თავისუფალი დაშვებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მარტივად შესვლის უზრუნველყოფა აუცილებელი წინაპირობაა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურის თქმით, კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და წარმოდგენილ კანონპროექტში რამდენიმე დეტალი დაზუსტდა.

„პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტთან და ოპერატორებთან მუშაობის შედეგად შეიცვალა. შეიცვალა რამდენიმე დეტალი, რომელიც საბოლოოდ შევაჯერეთ და წარმოდგენილია ახალი ვარიანტი. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი,  რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩაირთვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ვარიანტში, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას კანონდარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდა. ხუთი სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, ოპერატორებთან ერთად მნიშვნელოვნებით დავაჯგუფეთ და დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი,  ამ შემთხვევაში ოთხი ჯარიმის, ოთხი სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დროებითი მმართველის მექანიზმი ჩაირთვება დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით. იმისთვის, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, კომპანიას შეუძლია, გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია შეაჩეროს ან ძალაში დატოვოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.