კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობს
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობს

კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა, რომელმაც კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა და გასული წლის საქმიანობაზე ისაუბრა.

ბექაურის თქმით, 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო. კომპლექსურ კვლევაზე კომისიის გუნდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (AA Facility) ერთად მუშაობს.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, კომპლექსური კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და, საჭიროების შეთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.

„შეფასდება მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. კვლევის შედეგად კი დადგინდება, საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორებიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტმომსახურების ბაზრის ე.წ. Bitstream სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი“, – განაცხადა თავმჯდომარემ.

ანგარიშის წარდგენისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ასევე შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემო და ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა „ჰალლომ“, თუმცა ქსელის მფლობელ ოპერატორებსა და დაშვების მსურველ სხვა კომპანიებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა.

სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ.