სამართალდამცველებმა თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს
სამართალდამცველებმა თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს

კაიროში, სააგენტო „ანადოლუს“ შენობაში რეიდის დროს, სამართალდამცველებმა თურქული საინფორმაციო სააგენტოს ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის თურქეთის ერთი მოქალაქეცაა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოს ოფისში უსაფრთხოების კამერები და ინტერნეტი გათიშეს, რის შემდეგაც მთელი შენობა გაჩხრიკეს.

რეიდის დროს „ანადოლუს“ თანამშრომლების პასპორტების, მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების კონფისკაცია განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთში ეგვიპტის ელჩს საყვედურის ნოტა გადასცა, რის შემდეგაც „ანადოლუს“ თანამშრომლების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

ამასთან ერთად, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რეიდის ჩატარება და თანამშრომლების დაკავება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, კანონს ეწინააღმდეგება.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრი კი იუწყება, რომ „ანადოლუს“ ოფისზე ჩატარებული რეიდი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ მიმდინარე აქტიური ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა.