ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება
ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება

ჯვართაღმართების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

„როგორც ცნობილია, IV საუკუნის 20-30 წლებში, წმინდა ნინოს ლოცვით და დიდსასწაულთა ძალით, მოინათლა მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი ერი. ამასთან, საბერძნეთიდან ჩამოსულ ეპისკოპოს იონეს კურთხევით მცხეთის ჯვრის ქვემოთ, წმ. ნინოს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულებრივად მკურნალი აკაკის ხე და მისგან ქართლ-კახეთის მცველად და რწმენაში განსამტკიცებლად გაკეთდა სამი ჯვარი ღვთივმინიშნებულ სამ ადგილზე, – ჯვრის მონასტრის მთაზე, თხოთის მთაზე და უჯარმაში აღსამართად.

ამ მადლმოსილ ჯვართა აღმართება აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, მოხდა და ამ მოვლენის სადღესასწაულოდ აღნიშვნაც ამ დროსვე სამარადჟამოდ დაწესდა; მაგრამ ჟამთა ავბედობის გამო ეს ტრადიცია საუკუნეების შემდეგ დავიწყებას მიეცა.

2007 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია აღდგა და უკვე იგი ყოველწელს ზეიმით აღინიშნება.

წელსაც, 8 მაისს, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, – აცხადებენ საპატრიაქროში.

მეთივე ცნობით, წირვის დასრულების შემდეგ, ახალ სამ ჯვარს ნავებით გადააბრძანებენ მცხეთის გეთსიმანიის ბაღში აღმართულ სვეტთან, საიდანაც მცხეთის ჯვარზე, თხოთის მთაზე და უჯარმის ტაძრებში გადააბრძანებენ, რათა მათ იქ ერთი წელი დაჰყონ.

„ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი, მისი უწმინდესობის კურთხევით, სამ სხვადასხვა ადგილზე დააბრძანებენ. წელს ეს ადგილებია: გერგეტის სამება, ხონისა და სამტრედიის და ვანისა და ბაღდათის ეპარქიები.

ასეთი მსვლელობა ამჟამად უკვე მეთხუთმეტედ ტარდება და წმინდა დედაქალაქ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ნაკურთხი ჯვრების ძალა და მადლი მთელს საქართველოს ეფინება.

შევნიშნავთ, რომ IV საუკუნეში აღმართული ჯვრებიდან დღეს ორია შემორჩენილი, – ჯვარზე აღმართული ჯვარი ამჟამად დაცულია სვეტიცხოვლის ტაძარში ჩრდილოეთ კედლის კიოტში, თხოთის ჯვარი – თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია (ცენტრალურ ადგილას) აღმართული, უჯარმის ჯვარ-პატიოსანი კი 1923-1924 წლებში, ათეისტური რეჟიმის დროს, განადგურდა. მისი მცირე ნაწილი კუკიის წმინდა ნინოს ტაძარშია დაცული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.