ჯულიან ასანჟის მამა ავსტრალიის მთავრობას შვილის სამშობლოში დაბრუნების თხოვნით მიმართავს
ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მამა ავსტრალიის მთავრობას შვილის სამშობლოში დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
როგორც ლონდონში დაკავებულის მამამ, ჯონ შიპტონმა გამოცემა „ჰერლანდ სანთან“ განაცხადა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამე უნდა მოიმოქმედონ. მან ავსტრალიის პრემიერ სკოტ მორისონს ასანჟის დაკავების საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მამის თქმით, ის შეძრულია 47 წლის ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი გარეგნობის გამო.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 11 აპრილს დააკავეს. ასანჟი ეკვადორის საელჩოს შვიდი წლის განმავლობაში აფარებდა თავს. აშშ-ში მას საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებისა და პუბლიკაციის მიზნით „ვიკილიქსის“ ინფორმატორ ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში სდებენ ბრალს. ასანჟს აშშ-ში ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.