ჯულიან ასანჟის მეგობარი ქალი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის მხრიდან ჰაკერის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გავრცელებული ცნობა, სასამართლოზე მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს
ჯულიან ასანჟის მეგობარი ქალი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის მხრიდან ჰაკერის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გავრცელებული ცნობა, სასამართლოზე მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს

ჯულიან ასანჟის მეგობარი ქალი აცხადებს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მხრიდან ჰაკერის მკვლელობის დაგეგმვის შესახებ გავრცელებული ცნობა, ასანჟის ექსტრადიციის საკითხზე დაგეგმილ სასამართლოზე მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე, „იაჰუ ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები სკანდალურად ცნობილი ვებგვერდის „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მკვლელობის ან მოტაცების შესაძლებლობას განიხილავდნენ. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.

„გავრცელებული ინფორმაცია გარდამტეხია, რადგან ის აჩვენებს აშშ-ის ქმედებების რეალურ კრიმინალურ სახეს“, – განაცხადა ასანჟის მეგობარმა ქალმა სტელა მორისმა.

აშშ-ის ხელისუფლება ამ კვირაში გაასაჩივრებს ბრიტანელი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიელი ჰაკერის აშშ-ში ექსტრადირება დაუშვებელია, რადგან ასანჟს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და არსებობს საფრთხე, რომ ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.

ვებგვერდი „ვიკილიქსი“ პოპულარული 2010 წელს გახდა, როდესაც აშშ-ის მიერ გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ მალევე შვედეთმა ვებგვერდის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა, რადგან მას სექსუალურ დანაშაულში ედებოდა ბრალი. ამ საქმის წაგების შემდეგ, ასანჟმა დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი. საბოლოოდ, მას საელჩო 2019 წლის აპრილში დაატოვებინეს და დააპატიმრეს. ამ დროისთვის შვედეთი ასანჟის ექსტრადირებას უკვე აღარ ითხოვდა და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მოხსნეს.

აშშ-ს ჰაკერის ექსტრადირება სურდა, თუმცა ბრიტანელმა მოსამართლემ 4 იანვარს ამაზე უარი თქვა, თუმცა ასევე უარყო ასანჟის არგუმენტი, რომ მისი საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას წარმოადგენს.