ჯუანშერ ბურჭულაძე - 2019 წლიდან დავიწყეთ ავიაციის სრული განახლება, დღეს ხედავთ კონკრეტულ შედეგს, ამით არ ვასრულებთ ჩვენს გეგმას, ვაგრძელებთ ავიაციის სრულ რეაბილიტაციას
ჯუანშერ ბურჭულაძე - 2019 წლიდან დავიწყეთ ავიაციის სრული განახლება, დღეს ხედავთ კონკრეტულ შედეგს, ამით არ ვასრულებთ ჩვენს გეგმას, ვაგრძელებთ ავიაციის სრულ რეაბილიტაციას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საზოგადოებას სამხედრო ავიაციის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, 2019 წლიდან დაიწყო ავიაციის სრული განახლება და დღეს კონკრეტულ შედეგს ვხედავთ.

„მინდა, მივულოცო მთელ ჩვენს საზოგადოებას ავიაციის დღე. ეს არის განსაკუთრებული სახეობა. იცით, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ სახეობას. მათ ჰყავთ გამორჩეული გმირი ზურაბ იარაჯული, ვისი სახელობის მწვერვალსაც მივანიჭეთ წელს ჩვენ მისი სახელი. 2019 წლიდან, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრად მოსვლის შემდეგ, დავიწყეთ ავიაციის სრული განახლება ჩვენი რესურსით. დღეს ხედავთ კონკრეტულ შედეგს, სადაც მივიღეთ ექვსი განახლებული მოიერიშე, „სუ-25“, ასევე სამი „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი, სამი „იროკეზის“ ტიპის ვერტმფრენი, სამი „ან-2“. ჩვენ არ ვასრულებთ ამით ჩვენს გეგმას, ვაგრძელებთ ავიაციის სრულ რეაბილიტაციას. გარდა ამისა, „თბილავიამშენი“ საკმაოდ წარმატებული შპს არის და მუშაობს კომერციულ პროექტებზე, რათა ცოდნა დარჩეს ქვეყანაში და ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცეს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განახლებული ავიაციის პარკის გამოფენა მოეწყო. სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული და სრულად მოდერნიზებული „მი-24“, „სუ-25“, იროკეზი (UH-1H) და „ან-2“ ტიპის საფრენი აპარატები.