საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს [ფოტო]
საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს [ფოტო]

19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცეს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული ავიაციის გაძლიერებისა და ავიაციის პარკის განახლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე,  სამხედრო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. ქართული ავიაციის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განახლებული ავიაციის პარკის გამოფენა მოეწყო. სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული და სრულად მოდერნიზებული მი-24, სუ-25, იროკეზი (UH-1H) და ან-2 ტიპის საფრენი აპარატები.

საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.