თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ელჩმა გერმანული გრანტით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს
თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ელჩმა გერმანული გრანტით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა.

„ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის, Enable and Enhance Initiative-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.