ჯუანშერ ბურჭულაძე - მივიღე შემოთავაზება, განვიხილო ნატო-ში ელჩის თანამდებობა, ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას
ჯუანშერ ბურჭულაძე - მივიღე შემოთავაზება, განვიხილო ნატო-ში ელჩის თანამდებობა, ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას

შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მადლობას ვუხდი. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„13 წელია, საჯარო მოხელე ვარ, ეს არის ძალიან ბევრი. სამი როტაცია ჩავატარე, ოთხ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე სამ უწყებაში. ეს ერთი; მეორე – იცით, მყავს დიდი ოჯახი და მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩის თანამდებობა. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. მე, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს ოთხი თვე იქნება ჩემთვის, ასე ვთქვათ, თან დასვენების პერიოდი ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.