ჯუანშერ ბურჭულაძე - მადლობელი ვარ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის, რომელმაც გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა, თუმცა თანამდებობიდან წასვლის სურვილი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ მქონდა
ჯუანშერ ბურჭულაძე - მადლობელი ვარ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის, რომელმაც გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა, თუმცა თანამდებობიდან წასვლის სურვილი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ მქონდა

მადლობელი ვარ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის, რომელმაც გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა, თუმცა თანამდებობიდან წასვლის სურვილი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ მქონდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ჩემთვის ეს იყო საამაყო თითქმის ხუთი წელი, რაც გავატარე თავდაცვის სამინისტროში. პრემიერი შეიცვალა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. მე დიდი მადლობელი ვარ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის. მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა. თუმცა, მე ზოგადად, საზოგადოებამ რომ იცოდეს, მას შემდეგ, რაც კოდექსი მივიღეთ – ეს იყო ძირითადი სამართლებრივი აქტი, რაც უწყებაში ოდესმე მიღებულა – მე მქონდა თხოვნა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, ზოგადად მე პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას.

პირველ რიგში, 13 წელია, ვარ საჯარო მოხელე, ეს არის ძალიან ბევრი. სამი როტაცია ჩავატარე, ოთხ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე სამ უწყებაში. ეს ერთი; მეორე – იცით, მყავს დიდი ოჯახი და მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. მე, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს ოთხი თვე იქნება ჩემთვის, ასე ვთქვათ, თან დასვენების პერიოდი ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს.

მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მომცა საშუალება, მემუშავა მასთან ერთად, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი და მეორე, რომ მე უკეთ გამეცნო ჩვენი ჯარი. მე ძალიან ამაყი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.