„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც კომპანიის წინააღმდეგ აქციებს მართავენ, მოლაპარაკებებისთვის მზად არიან
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, მესამე სექტორის ჩართულობით დღესვე აწარმოოს მოლაპარაკებები ამ კონკრეტულ ოჯახებთან. ჩვენი წინადადება ხელშეკრულების გაფორმებაზე ისევ ძალაშია, რაც გულისხმობს კომპენსაციის გაცემას კონკრეტულ ვადებში, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჩიქოვანი აცხადებს, კომპანია მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ განცხადებას, თითქოს ამ ოჯახებს ერთმევათ კომპენსაციის გაცემის შემდეგ საკუთრების უფლება, ეს არის სიცრუე, რადგან კომპენსაციის გაცემის შემდეგ ქონება რჩება მათ საკუთრებაში და ეს ასახულია ხელშეკრულებებში. ასევე, თითქოს ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ესეც სიცრუეა. ამდენი ხანია აპროტესტებენ და ამას აშუქებს მედია. ამასთან, თითქოს მიზერულ თანხებს ვთავაზობთ, ჩვენ არაფერ თანხებს არ ვთავაზობთ ჩვენ მივყვებით მათ მიერ მოყვანილი აუდიტის შეფასებას და ვაძლევთ იმ შეფასებიდან გამომდინარე თანხებს. თანხების ოდენობას არ ვასახელებდით, მაგრამ ერთ-ერთმა თვითონ განაცხადა სატელევიზიო ეთერში, სადაც იცრუა და თქვა რომ 115 ათას ლარს ვთავაზობთ, თუმცა მას ვთავაზობთ 128 ათას ლარს, რაც დაითვალა აუდიტმა. ჩვენ ინტერესშია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრსაც შევთავაზეთ, რომ ჩაერთოს ამ მოლაპარაკების პროცესში, თუმცა ამ წუთებამდე პასუხი არ გვაქვს, ველოდებით. თავისუფალნი იყვნენ ყოველთვის აუდიტის მოწვევაში, რომ ყოველგვარი ეჭვი გამოგვერიცხა, თვითონ შევარჩევინეთ აუდიტი, შეარჩიეს „ნექსია“, მერე თვითონ მოუვიდათ კონფლიქტი, მოიყვანეს სხვა, შევთანხმდით აუდიტზე და ხაზს ვუსვამ 142-მა ოჯახმა მოაწერა უკვე ხელი, პროცესი მიდის. ნაწილმა ფული მიიღო მთლიანად, ნაწილმა-ნაწილობრივ. ჩაერთოს სამართლიანობის ცენტრი, სხვა ორგანიზაციები, დავსხდეთ და მაგიდასთან გადავწყვიტოთ ამ კონკრეტულ ოჯახებთან ეს საკითხი. ეს საეჭვო რაღაცები რომ გამოვრიცხოთ, ჩაერთოს მედიაც, მოლაპარაკებებიც იყოს ღია, როცა დავსხდებით გაფიცულები და სხვა ორგანიზაციები, ჩავერთოთ და ვილაპარაკოთ ამაზე, სახელმწიფო არაპირდაპირ ჩართულია, რადგან მე ვარ სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი კომპანიაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.