„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო პროცესი ხელოვნურად არის შეჩერებული.

„13 მარტს შუქრუთში რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით.

რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები, კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წელს ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020 წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში, ჯამში, დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს, არ შეაფერხონ როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან დღეს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო უსახლკაროდ რჩებიან და „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.