ჯონდი ბაღათურია - ხელისუფლება რაზეც არ უნდა დათანხმდეს, ბოლოს მაინც ეტყვიან, გადადექითო
ჯონდი ბაღათურია - ხელისუფლება რაზეც არ უნდა დათანხმდეს, ბოლოს მაინც ეტყვიან, გადადექითო

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 100/50-ზე და ეს ჩამკეტი მისაღებია, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებებზე საუბრისას.

„პრინციპში, სრული ბედნიერება, იქით მზე, აქეთ მთვარე და შუაში ვარსკვლავები ზღაპრებში ხდება, პოლიტიკა კი რეალურად შესაძლებელი შედეგებიდან უკეთესი შედეგის მიღწევის ხელოვნებაა“, – განაცხადა ბაღათურიამ. 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ფორმატზე გადასვლა ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ აწყობს და არსებული სისტემის შენარჩუნება ურჩევნია.

„ხელისუფლება რაზეც არ უნდა დათანხმდეს, ბოლოს მაინც იტყვიან, გადადექითო და გადადგომას მოითხოვენ. მერე ოპოზიციის დამუნათებას დაიწყებენ – როგორ, წინააღმდეგი ხართ, ხელისუფლება გადადგესო?! რა თქმა უნდა, არავინ არ არის არც ხელისუფლების გადადგომის და არც სრულად პროპორციულის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ დღეს რეალურად მიღწევადი შედეგი გვჭირდება“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ აქტიურობს „ქართული დასი“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პარტიამ პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა, თუ ეს არის გარკვეული ტაქტიკური ჩანაფიქრი, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ „ქართული დასი“ ძალიან აქტიურად ემზადება პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის.

„თქვენ სწორად შეამჩნიეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ. როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში დიალოგის მაგიდა იქმნებოდა, კოლეგები დამიკავშირდნენ და ამ მაგიდასთან მიგვიწვიეს. მაშინ იდეა იყო, რომ ხალხი გამოგვეყვანა და ხალხის მობილიზების შთაბეჭდილება მოგვეხდინა ხელისუფლებაზე. მე ვთქვი, რომ სწორია ოპოზიციის გაერთიანება და ყველა მოთხოვნა, მაგრამ მაშინ, როცა ამ მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობა“ ზის, საზოგადოების სერიოზული ნაწილის მობილიზაციის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რაც დადასტურდა კიდეც, როცა ვერც ერთი აქცია ვერ ასცდა ორას-სამას კაცს. ჩემმა კოლეგამ, რომელიც მაშინ მირეკავდა, თქვა, რომ „ნაცები“ ძალიან გვერდზე გვეყოლებაო, რაც არარეალისტურად მომეჩვენა და ახლა ხომ ვხედავთ, რომ რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაცია მძევლად ჰყავს აყვანილი?! ფაქტია, სულ ისინი ლაპარაკობენ და დომინირებენ ეკრანებზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.