ჯონდი ბაღათურია - მელიასა და ხაბეიშვილის კინკლაობაზე რომ მანიფესტს გამოსცემ, არასერიოზულად გამოიყურება, ამ დოკუმენტისთვის მანიფესტის დარქმევა უკვე შარჟია
ჯონდი ბაღათურია - მელიასა და ხაბეიშვილის კინკლაობაზე რომ მანიფესტს გამოსცემ, არასერიოზულად გამოიყურება, ამ დოკუმენტისთვის მანიფესტის დარქმევა უკვე შარჟია

მანიფესტი არის მიშას ინფანტილური ფანტაზიების ნაყოფი, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე მახსოვს, გოგონები რომ სახლობანას თამაშობდნენ, ჩვენ ომობანას ვთამაშობდით და ეს ახლა პოლიტიკოსობანას თამაშობს, ვითომ სერიოზული პოლიტიკოსია და კიდევ რაღაცას წარმოადგენს იმ კადრების მერე, რაც ყველამ ერთად ვნახეთ. ამ მაღალი სიტყვების რახარუხი, მანიფესტის გამოცემა და ა.შ. მიზნად ისახავს დამატებით ყურადღების მიქცევას. სააკაშვილი ტროცკის მიბაძვას ცდილობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტროცკის კომიკური მიკროშარჟია და მეტი არაფერი“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტისთვის მანიფესტის დარქმევა უკვე შარჟია.

„ზოგჯერ პოლიტიკოსები იტყვიან ხოლმე, დოქტრინაო და რაღაც ისეთ რთულ თემებს, რასაც ელექტორატის რაღაც ნაწილი არ იცნობს. შენ თვითონ ხარ სიმპათიურიო, ეს ამბავია. ანუ, ეს მანიფესტი გათვლილი არის თავიანთ ელექტორატზე. ელექტორატზე, რომელიც დღეს კიდევ მიდის და შეიძლება, მიშას ხმა მისცეს, რადგან მანიფესტი შეიძლება, ხელისუფლებამ გამოსცეს, რომ რაღაც გლობალურ საკითხზე მიმართოს მოსახლეობას და შეიძლება, რომელიმე სხვა პარტიამ ან პარტიათა ჯგუფმა გამოსცეს, მაგრამ ეს რაღაც გლობალური პროგრამული დოკუმენტი უნდა იყოს, აქ კი მელიას და ხაბეიშვილის კინკლაობაზე რომ მანიფესტს გამოსცემ, ეს არასერიოზულად გამოიყურება, ხომ? მათ საარჩევნო კამპანია დაიწყეს და თან უნდათ, მელიას გაგდება დაასაბუთონ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თანაბარი უფლებების, თანაბარი სამართლის და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების დეკლარირება, რაც მანიფესტში წერია, მაშინ როდესაც მათი მმართველობის დროს ყველაზე ხშირად საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების, სიცოცხლის ხელყოფისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შედიოდა, სტრასბურგის სასამართლომ კი სახელმწიფოს მილიონობით ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა მომჩივანთა სასარგებლოდ, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ როგორც ჩამოხრჩობილის სახლში არ ლაპარაკობენ თოკზე, ისე არ უნდა ილაპარაკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანასწორობასა და სამართალზე.

„ყველას გვახსოვს ვანო მერაბიშვილი, რომელიც ორ „ტრუპს“ ითხოვდა და ამათგან როგორ შეიძლება, ასეთ თემებზე ლაპარაკი?! დაიცალა ქვეყანა მათი რეპრესიების გამო და რა დემოგრაფიაზე ლაპარაკობენ ან რა ემიგრანტებზეა ლაპარაკი? ემიგრანტს, რომელიც მათ ახლა მხარს უჭერს და ხმას აძლევს, ან განათლების პრობლემა აქვს, ან შეიძლება, განათლებული არის, მაგრამ ინფორმირებული არ არის, ან სხვა რამის პრობლემა აქვს, კიდევ უარესი, ისეთი, როგორიც მიშას აქვს, მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემა. მე მესმის თქვენი კეთილი განზრახვა, რომ რაღაცნაირად გვინდა, ავხსნათ, რა წერია მანიფესტში, მაგრამ ეს არაფერი არ არის, ეს არის წყალი“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფანტაზიებს, რომ ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ, ევროკავშირმა ცივი წყალი გადაასხა.

„ევროკავშირის კორუმპირებული მაღალჩინოსნები ნამდვილად იღებდნენ მონაწილეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ხომ ვიცით, აქ ჩამოდიოდნენ და სუს-მა დადო კადრები, თუ როგორ იღებდნენ მონაწილეობას და როგორ ემზადებოდნენ გადატრიალებისთვის მათივე ფულით დაფინანსებული ადამიანები. მათ ეგონათ, რომ ხელისუფლებას მაინც გააკეთებინებდნენ იმას, რაც მათ უნდოდათ, მაგრამ ხელისუფლების აბსოლუტურად სწორმა, ადეკვატურმა საქციელმა საქართველოს პოლიტიკური ფასი ასწია და საქართველომ ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით, მისი ეკონომიკისთვის, საფრანგეთისთვის და გერმანიისთვის, ბაჯაღლოს ფასი დაიდო. ასე რომ, საქართველოში გადატრიალების მოწყობას, მაიდანი და ა.შ. რასაც ატრიალებდნენ, მხარდაჭერა აღარ აქვს. მაპატიეთ, ცოტა აგრესიულად ვიტყვი – ეს შეიძლება, უკიდურესად უჭკუო და აგრესიული, სექტისმაგვარი ამომრჩევლისთვის რიტორიკის დონეზე ატრიალონ, მაგრამ ქვეყნის გარეთ იმიტომაც იძახიან, ვემზადებით არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსასვლელადო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.