ჯონდი ბაღათურია - არავინ იცის, როგორ დასრულდება უსაფრთხოების გლობალური კრიზისი, ამ თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა და ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება
ჯონდი ბაღათურია - არავინ იცის, როგორ დასრულდება უსაფრთხოების გლობალური კრიზისი, ამ თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა და ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება

არავინ იცის, როგორ დასრულდება უსაფრთხოების გლობალური კრიზისი, ამ თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა და ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად ცდილობს, რაღაც ფრონტალურ დაპირისპირებაში არ შევიდეს არავისთან, არც რუსეთთან, არც დასავლეთთან, არც ჩინეთთან და სამყაროს არცერთ პოლუსთან. ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მიიღო საქართველომ პრემიერ ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტიდან, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ საქართველო საჭირო გახდა ევროკავშირისთვის და ქვეყნის მთავრობამ შეძლო იმის ჩვენება, რომ მზად ვართ, ვიყოთ პარტნიორები, მაგრამ არის რაღაცები, რომელსაც არ დავთმობთ, ამიტომ, ამ მხრივ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს სავსებით წარმატებულად უნდა შეფასდეს.

„რა იყო კარგი? პრემიერი ყველას შეხვდა და ძალიან მაღალ დონეზე იყო შეხვედრა, პატივისცემით. მაგალითად, ერთი წლის წინ ყველა მათგანის ტონი იყო უფრო მენტორული, მითითებებზე და წესების შესრულებაზე, ახლა კი აბსოლუტურად თანაბრად მიიღეს, როგორც თავიანთი თანასწორი. ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი და კიდევ, რაც მთავარია, იმის შედეგი, რომ საქართველო ლოგისტიკურად სჭირდება დღეს ევროკავშირს; მისი საჭიროების ხარისხი დიდია და მთავრობამ აჩვენა, რომ არის რაღაცები, რასაც ვერ დათმობს. ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობამ ძალა აჩვენა ევროკავშირის ზოგიერთ კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ვიოლა ფონ კრამონს და ასეთ ადამიანებს. ზოგიერთი არაკორუმპირებულია, მაგრამ, მაგალითად, შარლ მიშელი ძალიან აქტიურად ცდილობდა შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას, ისეთი მუხლების ლობირებას, რომლებიც აბსოლუტურად არ არის არც შარლ მიშელის და არც არავის საქმე, გარდა საქართველოს მოსახლეობისა. ეს რიტორიკა, მენტორულ-დიდაქტიკური ტონალობა შეცვალა იმან, რომ მთავრობამ საშუალება არ მისცა, ერთი მხრივ, გაეტარებინა ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კურსი და, მეორე მხრივ, გააგრძელა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ პროდასავლური ძალა ვართ. შესაბამისად, მათ მოუწიათ მორგება. ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ, ან უნდა მოერგონ, როგორც ახლა სწორად გააკეთეს და დიდი პატივისცემით მიიღეს ქვეყნის პრემიერი, ან უარი უნდა ეთქვათ ენერგომატარებლების გამოტარებაზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პერსპექტივა და პოლიტიკური მომავალი აქვს ერთობას, რომლის ინიციატორიც სალომე ზურაბიშვილია, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მათ საკუთარი ამბიციების გამო ერთმანეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ თუ ეს დალაგება ხეირიანი იქნა, მას ქვეყნის გარედან დაალაგებენ, რადგან ეს პროცესი გარედან იმართება.

„სიტყვები – ქვეყნის ინტერესები, ეროვნულობა, სახელმწიფოებრიობა და ა.შ. მათში ღიმილს იწვევს. ასეთი ტერმინები მათ ჩაკეტილ წრეში საერთოდ არ არის დახურულ კარს მიღმა. აქ არის მხოლოდ პირადი ინტერესები და ქვეყნის გარეთ არსებული პატრონების ინტერესები. ეს ნამდვილად დგას მათ პირად ინტერესებზე ზევით, რადგან თუ პირად ინტერესს უფრო ზევით დააყენებენ, ვიდრე გარე პატრონთა ინტერესებს, მაშინ დაკარგავენ ამ პატრონებს და პირად ინტერესებს ვერ დაიკმაყოფილებენ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

შეკითხვაზე, რას უკავშირდება ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებების გააქტიურება და რამდენად რეალისტურია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ მყარ პოზიციას გადახედოს, ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, მას წინ ვერაფერი დაუდგება და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

„გარედან ცდილობდნენ, სააკაშვილის გარდა კიდევ ვიღაც გამოეძებნათ აქ ამრევი. ხომ გახსოვთ FARA-ს დოკუმენტები რომ გამოაქვეყნეს, სააკაშვილს როგორ ლობირებდნენ, გიული ალასანია როგორ იხდიდა მილიონებს, რომ გაზეთებში რაღაც დაბეჭდილიყო და ა.შ? ეს იყო სააკაშვილის გვერდზე გაწევის პროცესი, მაგრამ დესტაბილიზაციის მომწყობი და წყლის ამმღვრევი სხვა სპეციალისტი ვეღარავინ ვერ გამოიძებნა და ახლა აქცენტი ისევ მასზე კეთდება. ჯანაშია არ გამოვიდა და არ თქვა, რევოლუციისთვის სააკაშვილია საჭირო გარეთო? იმან რაც მოისმინა და ყურში რაც ჩასძახეს, გამოვიდა და თქვა უბრალოდ, მეტი არაფერი. საქართველომ გააკეთა ის, რომ არ დაემორჩილა გარედან შეკვეთას, ომი გაეჩაღებინა რუსეთთან, ომზე უარის თქმა კი არის დასჯადი და ამას ისინი არ მოეშვებიან. ამიტომ საჭიროა ან დესტაბილიზაცია, ან ხელისუფლებაში ისეთი ძალის მოყვანა, რომელიც ამ ომს გააჩაღებს, რადგან საქართველოს ომში ჩათრევა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურია უკრაინაში დასავლეთისთვის მარცხიანი ომის ფონზე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.