ჯონ ბოლტონმა ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრაზე რუსეთი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ნიკოლაი პატრუშევთან, ჟენევაში ხუთსაათიანი მოლაპარაკების დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი არჩევნებში ჩარევას არ შეეგუება და პრევენციული ზომები უკვე მომზადებული აქვს.
ჯონ ბოლტონის თქმით, სწორედ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხის გამო, მხარეებმა ერთობლივი განცხადება არ გააკეთეს.
ჟენევის შეხვედრაზე მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ასევე იყო სირიის ომი და კონფლიქტში ირანის როლი.
ჯონ ბოლტონის განცხადებით, პატრუშევთან სირიიდან ირანელების ეტაპობრივ გასვლაზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია, ირანული ძალები ირანში დაბრუნდნენ. ვისაუბრეთ სხვადასხვა გზაზე, რომლითაც ეს შესაძლოა შესრულდეს“, – თქვა ბოლტონმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის მიზანი ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება იყო.