დონალდ ტრამპი – ჯონ ბოლტონი უკიდურესად არაკომპეტენტური და მატყუარა აღმოჩნდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს არაკომპეტენტურს და მატყუარას უწოდებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. აშშ-ის ლიდერი კვლავ აცხადებს, რომ ბოლტონის მემუარები საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
„მე მივეცი შანსი ჯონ ბოლტონს, რომელიც ვერ შეძლებდა სენატში დამტკიცების პროცედურის გავლას, რადგან ის შეშლილად მიაჩნდათ და არ მოსწონდათ. მე ყოველთვის მომწონს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა. ის აღმოჩნდა უკიდურესად არაკომპეტენტური და მატყუარა. ნახეთ მოსამართლის მოსაზრება. საიდუმლო ინფორმაცია!“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა, რათა არ დაეშვა ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა. თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბოლტონის წიგნი სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ 23 ივნისს უნდა გამოვიდეს, თუმცა მედიაში უკვე გავრცელდა წიგნიდან ამონარიდები.
დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა.
I gave John Bolton, who was incapable of being Senate confirmed because he was considered a wacko, and was not liked, a chance. I always like hearing differing points of view. He turned out to be grossly incompetent, and a liar. See judge’s opinion. CLASSIFIED INFORMATION!!!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 22, 2020