ჯერი კონელი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასდროს აღიარებს რუსეთის არალეგალური და არალეგიტიმური ანექსიის არც ერთ მცდელობას
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასდროს აღიარებს რუსეთის არალეგალური და არალეგიტიმური ანექსიის არც ერთ მცდელობას, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერი კონოლიმ მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა კვლავ წამოიწყო დაბომბვების კამპანია და ეს საზიზღარი თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს. ჯერი კონოლის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებისთვის.
„ჩვენმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის არც ერთ არალეგალურ და არალეგიტიმურ ანექსიის მცდელობას. ყირიმი უკრაინაა, დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, ზაპოროჟიე უკრაინაა და ახლა, როდესაც ქალაქის თავზე კვლავ უკრაინული დროშები ფრიალებს, ცხადია, რომ ხერსონი უკრაინაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა კვლავ მოახდინა უგუნური და კრიმინალური ომის ძალადობრივი ესკალაცია, როდესაც, ურბანული ცენტრების დატერორების მიზნით, დაბომბვების კამპანია წამოიწყო. სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინელ ხალხს წინ ცივი თვეები ელოდება. ეს საზიზღარი თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს.
სესიის განმავლობაში ჩვენ დავადასტურეთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულისთვის. მათ შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნით, სადაც გასამართლდებიან აგრესიის დანაშაულში ბრალდებულები. რუსეთის ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული, მათ შორის ომის დანაშაულები და სავარაუდო გენოციდის აქტები. მშვიდობა დაუსჯელობას ვერ დაეფუძნება.
ჩვენს შვილიშვილებს, მომავალ თაობას როდესაც გაუჩნდება კითხვა, სად იყავით მაშინ, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა, წამოეწყო თავისი ძალადობრივი და უგუნური კამპანია, რომლის მიზანიც იყო ევროპაში და მთელ მსოფლიოში თავისუფლების ჩახშობა, აუცილებლად უნდა შევძლოთ შვილიშვილებისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდექით“, – განაცხადა ჯერი კონოლიმ.