ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, დატოვა თუ არა რუსმა დიპლომატმა საქართველო
საქართველოში შვეიცარიის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას, დატოვა თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის თანამშრომელმა, რომლის გაძევების გადაწყვეტილებაც საგარეო უწყებამ მიიღო. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განუცხადეს.
პირველი არხი დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, სადაც თემასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად საქართველოს მთავრობამ შვიდდღიანი ვადა მისცა, რომელიც ხუთშაბათს გადის. დიპლომატის გაძევების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში 10 დიპლომატი მუშაობს.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა.