ჯეიმს ვებმა სიკვდილის პირას მყოფი იშვიათი ვარსკვლავი გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა სიკვდილის პირას მყოფი იშვიათი ვარსკვლავი გადაიღო — #1tvმეცნიერება

კოსმოსური სიკვდილი მომაჯადოებლად ლამაზი რამ არის.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალ ფოტოებზე დეტალურად ვხედავთ სიკვდილის პირას მყოფი ვარსკვლავის ბოლო „ამოსუნთქვებს“.

ვარსკვლავი, სახელად WR 124, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს და წარმოადგენს ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავს, რომლებიც ირმის ნახტომში საკმაოდ მწირად არის. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ გარკვეული ვარსკვლავები გადაიქცევიან ვოლფ-რაიედ და ამის შემდეგაც, მათი დრო ამ ფაზაში საკმაოდ ხანმოკლეა; სულ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, WR 124 დიდებულ სუპერნოვად აფეთქდება.

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ვარსკვლავებია. არიან ძლიერ ცხელი, კაშკაშა, იმყოფებიან მთავარი მიმდევრობის ფაზის მიწურულს, რადგან საწვავის მარაგი უკვე ეწურებათ და აფრქვევენ სინათლის ბოლო გაელვებებს.

ამ ეტაპზე მათში საკმაოდ გამოლეულია წყალბადი, მაგრამ ბლომად არის აზოტი ან ნახშირბადი. ძლიერ მაღალი მაჩვენებლით კარგავენ მასას. მათ მიერ დაკარგული მასა მდიდარია ნახშირბადით, რომელიც რადიაციას შთანთქავს და ხელახლა გამოყოფს ინფრაწითელი სინათლის სახით. სწორედ ამიტო, ისინი ჯეიმს ვებისთვის ძლიერი მიმზიდველი სამიზნეებია; ეს ტელესკოპი არა მხოლოდ ყველა დროის ყველაზე ძლიერი კოსმოსური ტელესკოპია და იღებს უმაღლესი რეზოლუციის ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ სურათებს.

WR 124 არის ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი მასა დაკარგა; გარს აკრავს თავისივე ამოტყორცნილი მატერიის დახვეწილი ღრუბელი, რომელიც კოსმოსში გარე მიმართულებით ფართოვდება და სავსეა ფილამენტებითა და კვანძებით; გაციებისას ის ინფრაწითელში ანათებს. წინა დაკვირვებებიდან უკვე ვიცით, რომ ეს ღრუბელი მომაჯადოებელი და ჩახლართულია, მაგრამ არ გვქონდა საკმარისად მაღალი რეზოლუციის გამოსახულება, რომ ის სრულყოფილად აღგვექვა.

მაგალითად, როდესაც WR 124 საბოლოოდ აფეთქდება, არის თუ არა მის ნისლეულში მტვრის მარცვლები საკმარისი ზომის, რათა სუპერნოვას გადაურჩნენ? ამის გარკვევა ასტრონომებს მნიშვნელოვან ცნობებს მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვთ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს ვარსკვლავთშორისი მტვრის ბიუჯეტში — მატერიაში, რომელიც შემდეგ სხვა ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნაში მონაწილეობს.

ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ვოლფ-რაიეს ვარსკვლავთა ადგილას დარჩენილ სუპერნოვას ნარჩენთა იდენტიფიცირებაში, რაც თავის მხრივ გვეტყვის, როგორ აფეთქდნენ ისინი. ასტრონომთა აზრით, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები Ib და Ic ტიპის სუპერნოვებს წარმოქმნიან, მაგრამ ამის ზუსტი მტკიცებულებები მწირია; სიკვდილის წინ ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი მტვრის შესწავლა დაგვეხმარება ვარსკვლავებისა და მათ მიერ დატოვებულ ნარჩენთა ღრუბლების ერთმანეთთან დაკავშირებაში.

საინტერესოა, რომ WR 124 მიეკუთვნება ვოლფ-რაიეს ვარსკვლავთა იმ იდუმალ კატეგორიას, რომლებიც კოსმოსში წარმოუდგენლად დიდი სისწრაფით მიქრიან, თავად გალაქტიკის დისკოს ბრუნვის სიჩქარესთან მიმართებაში. WR 124 ირმის ნახტომის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გაქცეული ვარსკვლავია და წამში 190 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

უცნობია, რატომ მიქრის კოსმოსში ის ასე ჩქარა, მაგრამ როგორც კვლევები მიუთითებს, ის ორმაგი (ბინარული) სისტემის ნაწილი იყო და ის კომპანიონი ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქებამ გატყორცნა.

ჯეიმს ვების მონაცემებმა შეიძლება ეს საიდუმლოც ამოხსნას, მაგრამ ეს საქმე ამ ტელესკოპის პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს.

მაღალი რეზოლუციის ფოტო შეგიძლიათ NASA-ს ვებგვერდიდან ჩამოტვირთოთ.

 

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.