გასაოცარი კოსმოსური ფენომენის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური ხედი — ჯეიმს ვების ახალი ფოტო #1tvმეცნიერება
გასაოცარი კოსმოსური ფენომენის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური ხედი — ჯეიმს ვების ახალი ფოტო #1tvმეცნიერება

სამყარო ნამდვილად სავსეა საოცრებებით. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ერთ-ერთი მათგანის საუკეთესო ხედს გვთავაზობს, ისეთს, როგორიც ეს ფენომენი ჯერ არ გვინახავს.

განსახილველი ობიექტი წარმოადგენს ჩვენგან 5600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს, რომელიც ვების ინფრაწითელმა თვალმა წარმოუდგენელ დეტალებში გადაიღო: გარშემორტყმულია სინათლის კონცენტრული რგოლებით, რომლებიც გარე მიმართულებით ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვებისთვის დამახასიათებელი „დიფრაქციული წვეტები“, რეალური არ არის, ეს კონცენტრული რგოლები ნამდვილია, მათი კვლევა კი უბრალოდ მომაჯადოებელია.

სინამდვილეში, ეს ვარსკვლავი ორმაგი ვარსკვლავური წყვილია გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით; მათი ურთიერთქმედება მტვრის ზუსტ პერიოდულ ამოფრქვევებს წარმოქმნის, რომელიც დროთა განმავლობაში, წყვილის გარშემო, კოსმოსში ფართოვდება.

მტვრის ეს გარსები ინფრაწითელ დიაპაზონში კაშკაშებს, რამაც ვების ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტ MIRI-ს მისი დეტალურად გადაღების საშუალება მისცა.

ვარსკვლავის ამ ტიპს შეჯახების ქარიან ორმაგს უწოდებენ; შედგება უკიდურესად იშვიათი, ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავის, სახელად WR 140-ისა და ცხელი, მასიური, O-ტიპის კომპანიონი ვარსკვლავისგან, რომელიც ასევე იშვიათ ობიექტს წარმოადგენს.

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ძლიერ ცხელი, ძალიან კაშკაშა და ბებრებია; იმყოფებიან მთავარი მიმდევრობის ეტაპის მიწურულს. ისინი წყალბადისგან უკვე ძლიერ გამოფიტულებია და უხვად აქვთ აზოტი ან ნახშირბადი, ამავე დროს, ძლიერ მაღალი მაჩვენებლით კარგავენ მასას.

O-ტიპის ვარსკვლავები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასიური ვარსკვლავებია, ასევე ძლიერ ცხელი და კაშკაშა; ვინაიდან ასე მასიურები არიან, წარმოუდგენლად ცოტა ხანს ცოცხლობენ.

სისტემა WR 140-ის ორივე ვარსკვლავს სწრაფი ვარსკვლავური ქარები აქვს, რომლებიც კოსმოსში წამში 3000 კმ სიჩქარით მიქრის. შესაბამისად, ორივე მათგანი მასას უზარმაზარი მაჩვენებლით კარგავს. ორივე ვარსკვლავისთვის ეს საკმაოდ ნორმალურია.

საინტერესოა მათი ორბიტა, რომელიც ელიფსურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავები ერთმანეთის გარშემო სრულყოფილ წრეზე კი არ მოძრაობენ, არამედ ოვალურად; შესაბამისად, არის წერტილები, რომელშიც ისინი ერთმანეთისგან ძლიერ შორს არიან (აპასტრონი) და ძლიერ ახლოსაც (პერიასტრონი).

როდესაც ორი ვარსკვლავი პერიასტრონში შედის — რაც დაახლოებით სამჯერ მეტი მანძილია, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის — ისინი ერთმანეთთან საკმარისად ახლოს ექცევიან, რათა მათი ძლიერი ქარები შეეჯახოს.

ამის გამო, ვარსკვლავების გარშემო არსებულ მატერიაში შოკი წარმოიქმნება, რაც ნაწილაკებს აჩქარებს და ენერგიულ რადიაციას წარმოქმნის, მაგალითად, რენტგენულ გამოსხივებას. შეჯახებული ქარები იწვევს მტვრის ეპიზოდურ წარმოქმნასაც, როდესაც შეჯახებულ ვარსკვლავურ ქარში მატერია ცივდება.

ამ პროცესს ქვემოთ მოცემულ ანიმაციაში ხედავთ, რომელიც ასახავს, როგორ გამოჩნდებოდა ეს სისტემა თუკი მაღლიდან დახედავდით.

მტვერი ნახშირბადის სახით არის, რომელიც ორი ვარსკვლავიდან წამოსულ ულტრაიისფერ სინათლეს შთანთქავს. შედეგად, მტვერი ცხელდება და ხელახლა გამოყოფს თერმულ რადიაციას, რომელსაც ჯეიმს ვები ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში დააკვირდა.

ამის შემდეგ, ვარსკვლავურ ქარს მტვერი გარე მიმართულებით მიაქვს, რაც მტვრის ნაწილობრივ გარსებს წარმოქმნის. გარეთ გაწევისას, ისინი ფართოვდება და ცივდება, კარგავენ სითბოს და სიმკვრივეს.

ის, რასაც ვების ფოტოზე, თითქოს ბუშტების კრებულს წააგავს; თითოეული გარსის კიდევ უფრო ხილულია იმიტომ, რომ ხედვის კუთხის გამო, თქვენ უფრო მკვრივ კონცენტრაციას ხედავთ.

იმის გამო, რომ ამ ორმაგი ვარსკვლავის ორბიტას 7,94-წლიანი პერიოდულობა აქვს, ქარების შეჯახება და მტვრის წარმოქმნაც ყოველ 7,94 წელიწადში ერთხელ ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მათ გარშემო ნისლეულში რგოლები დაითვალოთ, ხის რგოლების მსგავსად და განსაზღვროთ ყველაზე გარეთ მდებარე ხილული მტვრის გარსის ასაკი.

ჩანს დაახლოებით 20 რგოლი, ანუ, ვების ფოტოზე ვხედავთ დაახლოებით 160 წლის განმავლობაში წარმოქმნილ მტვრის გარსებს. WR 140-ის პერიასტრონი ბოლოს 2016 წელს მოხდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.