ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში 60-80 პროცენტით შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში 60-80 პროცენტით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, თურქეთიდან იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები საგრძნობლად შემცირდა.

როგორც უწყებაში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80 პროცენტით შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

„მაგალითისთვის, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო ტაბლეტი „ატაკანდი“ დღეს 84 პროცენტით ნაკლები ღირს და მისი ფასი 79 ლარის ნაცვლად 12 ლარია. 41 ლარის ნაცვლად ცხრა ლარი ღირს „დიოვანი“. მოსახლეობის 91 პროცენტით ნაკლების გადახდა მოუწევს „კრესტორის“ ტაბლეტებში, მედიკამენტის ფასი დღეს, სხვადასხვა აფთიაქებში ცხრა ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს, მანამდე კი პრეპარატის ფასი 110 ლარს აჭარბებდა. გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი,  ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები. „ინსულინი ლანტუსი“-ს შეძენა 238 ლარის ნაცვლად 43 ლარად არის შესაძლებელი. „არიმიდექსი“ 78 ლარის ნაცვლად – 29 ლარი. „ბეტასერკი“ 26 ლარის ნაცვლად –  რვა ლარი . „აკლასტა“  867 ლარის ნაცვლად – 223 ლარი. „სიმბიკორტი“ 84 ლარის ნაცვლად –  15 ლარი.  ეს ქართულ ბაზარზე უკვე შემოსული, თურქული მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უკვე 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე არის განაცხადი შესული, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს. მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში, ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.

„წინა კვირაში ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში, ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები, იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“,- აღნიშნავს ილია ღუდუშაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი 60-80 პროცენტით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი.