თურქეთი ზღუდავს გარკვეული პროდუქციის ექსპორტს ისრაელში, ვიდრე ის არ შეწყვეტს ცეცხლს და ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად არ მიეწოდება
თურქეთი ზღუდავს გარკვეული პროდუქციის ექსპორტს ისრაელში, ვიდრე ის არ შეწყვეტს ცეცხლს და ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად არ მიეწოდება

თურქეთი ზღუდავს გარკვეული პროდუქციის ექსპორტს ისრაელში, ვიდრე ის არ შეწყვეტს ცეცხლს და ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად არ მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„თურქეთმა გადაწყვიტა, შეზღუდოს პროდუქციის ექსპორტი ისრაელში 2024 წლის 9 აპრილიდან. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შესრულდება და ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე ისრაელი, საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების ფარგლებში, არ გამოაცხადებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების საკმარის და შეუფერხებელ ნაკადს ღაზის სექტორისთვის“, – აღნიშნულია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, შეზღუდვა შეეხება, მაგალითად, ალუმინისა და ფოლადის პროდუქტების რამდენიმე სახეობის, საღებავების, ელექტროკაბელების, სამშენებლო მასალებისა და საწვავის ექსპორტს.

„ისრაელი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“, – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, თურქეთი, დიდი ხანია, არ ახორციელებს ისრაელისთვის ისეთი პროდუქტის მიყიდვას, რომელიც შეიძლება, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ღაზის სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს მოვუწოდებთ, წვლილი შეიტანონ იმაში, რომ ისრაელმა, საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვალდებულებები შეასრულოს. როგორც თურქეთის სახელმწიფო და ხალხი, გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას, მხარს ვუჭერთ პალესტინას და მის ხალხს, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა უარი უთხრა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდებაზე, რის შემდეგაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ ახალ ზომებს მიიღებს.