თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გადავწყვიტეთ მთელი რიგი ზომების მიღება ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ცეცხლი არ შეწყდება და ისრაელი არ დაუშვებს უწყვეტ დახმარებას ღაზაში
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გადავწყვიტეთ მთელი რიგი ზომების მიღება ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ცეცხლი არ შეწყდება და ისრაელი არ დაუშვებს უწყვეტ დახმარებას ღაზაში

ისრაელმა უარი უთხრა თურქეთს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდებაზე, რის შემდეგაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარა ისრაელის წინააღმდეგ ახალ ზომებს მიიღებს.

„თურქეთმა გადაწყვიტა მთელი რიგი ზომების მიღება ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული და ისრაელი არ დაუშვებს უწყვეტ დახმარებას ღაზაში. ჩვენი პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეს ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ზომებს ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები გაუზიარებენ საზოგადოებას“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი ითხოვდა, ჩართულიყო ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში საჰაერო გზით, მაგრამ ისრაელმა უარყო მათი თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ იორდანიამ დაამტკიცა.

„ისრაელს არ აქვს საბაბი, დაბლოკოს ჩვენი მცდელობა, თვითმფრინავით გადავიტანოთ დახმარება ღაზის მოსახლეობისთვის. თურქეთი ერთ-ერთია იმ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ყველაზე მეტ დახმარებას აგზავნიან ღაზის სექტორში. ჩვენი მეცხრე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხომალდი ახლა გავიდა. პირველად, მთელი გლობალური საზოგადოება გმობს ისრაელს“, – აღნიშნა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდებას.

„გაერო-ს უშიშროების საბჭომაც კი, რომელიც აქამდე დუმდა, თქვა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლი“, – დასძინა ფიდანმა.