რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი, კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალტუნი, ერდოღანის მთავარი მრჩეველი, აკიფ ჩაღატაი კილიჩი და სხვა ოფიციალური პირები.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და გერმანია დაიწყებენ საუბარს ერთობლივ საწარმოებზე და არა ბარიერებზე, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში. ჩვენ გვსურს, მთლიანად მოვხსნათ შეზღუდვები, რომლებსაც ვაწყდებით თავდაცვის ინდუსტრიაში“, – განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ანკარა ელოდება „გერმანიის ხელისუფლების შემდგომ მხარდაჭერას და სოლიდარობას ტერორიზმთან ბრძოლაში“.

თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე და თქვა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მხოლოდ თავისი პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად მოქმედებს, რითიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.

„თურქეთი აღარ ინარჩუნებს ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს ისრაელთან და ეს თავი დახურულია“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელმა ღაზაში ქალები და ბავშვები მოკლა და მოუწოდა გერმანიას, დაენახა „საშინელი სცენა“.