სილვიუ დომენტე - ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მოქალაქეების აცრა უნდა გაგრძელდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მოქალაქეების აცრა უნდა გაგრძელდეს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ „საქართველოს რადიოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყენაში გამოვლენილი გართულებების გამო, შეაჩერეს არა ზოგადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის, არამედ ვაქცინების კონკრეტული პარტიის გამოყენება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციში გვაქვს ინფორმაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების შესახებ და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. პირველ რიგში, უნდა დავაკონკრეტო, რომ საქმე ეხება არა ზოგადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, არამედ ვაქცინების კონკრეტულ პარტიას, რომელიც მანამდე ჩაიტანეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ სწორედ ამ პარტიის და კონკრეტული სერიული ნომრის მქონე ვაქცინების გამოყენება შეაჩერა და ისიც დროებით. ეს ნაბიჯი გადაიდგა, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული გართულებები. ამ შემთხვევებს იძიებს ევროპის წამლების სააგენტო. საფრთხის შეფასების კომიტეტის დასკვნა დღეს შემდეგია: აცრილ მოქალაქეებს შორის თრომბოემბოლიის შემთხვევები ისეთივე სიხშირით ვლინდება, როგორც ეს ზოგადად ხდება მოსახლეობაში. ვაქცინის გაკეთების შემდეგ საფრთხე არ არის გაზრდილი. ევროპის წამლების სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები უნდა გაგრძელდეს და ამავე დროს გაგრძელდება გამოძიებაც“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებობს ვაქცინების უსაფრთხოების შეფასების კომიტეტი, რომელიც გლობალურ დონზე აკვირდება იმუნიზაციის პროცესში გამოვლენილ გართულებებს.
„ეს კომიტეტი გართულებების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოდან აგროვებს. ამ ინფორმაციის შეგროვება ხდება სპეციფიკური სისტემით. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომელის დახმარებითაც ეს სისტემა მოქმედებს. ზოგადად ამ სისტემის არსებობა ქვეყენაში არის ვაქცინების ჩატანის ერთ-ერთი წინაპირობა“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უსაფრთხოების მიზნით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კონკრეტული პარტიის გამოყენება დროებით შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ „საქართველოს რადიოს“ ეთერში ორშაბათს, 15 მარტს, 14:00 საათზე ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.