ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი გმობს ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პაციენტები.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზაში ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის გამო. სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები არასდროს უნდა აღმოჩნდნენ ასეთი საშინელების წინაშე და, განსაკუთრებით, საავადმყოფოში ყოფნისას“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი პასუხობდნენ მტრის ცეცხლს, რომელიც მათ ჯარებს უმიზნებდა საავადმყოფოს შიგნიდან.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში, და სამედიცინო პერსონალი.