ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინის არსებობა კორონავირუსის დასრულებას არ ნიშნავს. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ ვაქცინების წარმატებამ საზოგადოებაში პანდემიის დასრულების აღქმა გააძლიერა.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხდა, რასაც გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ვაქცინების წარმატება ყველას გვაძლევს შესაძლებლობას, გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახოთ, თუმცა პანდემიის დასრულებამდე წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. გადაწყვეტილებები, რომელსაც მოსახლეობა და მთავრობები მიიღებენ, განსაზღვრავს მის მიმართულებას მოკლევადიან პერიოდში და საბოლოო ჯამში იმას, თუ როდის დასრულდება პანდემია.
„სიმართლე ის არის, რომ ამჟამად ბევრ ადგილას „კოვიდ-19“-ის ძალიან მაღალი გავრცელება აღინიშნება, რაც უდიდეს ზეწოლას ახდენს საავადმყოფოებზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე“ – განაცხადა გებრეისუსმა.