ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ევროპაში შეიძლება იმაზე ადრე გამოჩნდა, ვიდრე გვეგონა. უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ ის იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ცირკულირებდა. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის არის, რომ ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ვირუსის კვალს 2019 წლის 12 მარტს კანალიზაციის წყლიდან აღებულ ნიმუშებში მიაგნეს.
კვლევა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv. დოკუმენტი ამჟამად კრიტიკულ მიმოხილვებს გადის გარე ექსპერტების მხრიდან და სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მზადდება. იქამდე, ვიდრე რეცენზირების პროცესი დასრულდება, ასეთ მტკიცებულებასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
როგორ ჩატარდა ექსპერიმენტი და ზუსტად რას მიაგნეს მეცნიერებმა?
დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის შესახებ გაკეთებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღმოჩენა ის არის, რომ ვირუსი ინფიცირებულ ადამიანთა ფეკალიებში გვხვდება. ნაწლავებში მოხვედრისას, სადაც ის სხვადასხვა სიმპტომებს განაპირობებს, კარგავს ცილების გარე შრეს, მაგრამ გენეტიკური მასალის, სახელად რნმ-ის გარკვეული ნაწილი ამ მოგზაურობაში მაინც ხელუხლებელი რჩება და ფეკალიებთან ერთად გამოდის.
როგორც ამჟამინდელი მტკიცებულებები მიუთითებს, ამ დროს ის ინფექციური უკვე აღარ არის.
თუმცა, ის ფაქტი, რომ კორონავირუსის რნმ-ის ნარჩენების პოვნა შესაძლებელია კანალიზაციის ჩამდინარე წყალში, გამოსადეგია ვირუსის გავრცელების კვალის დასადგენად. მართლაც, ამ წყლის საშუალებით, ოფიციალურ ციფრებში გამოჩენამდე ერთი კვირით ან ათი დღით ადრე შესაძლებელია იმის პროგნოზირებაც, სავარაუდოდ სად მოხდება; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ინფიცირებული ადამიანები კორონავირუსს სიმპტომების გამოჩენამდე გამოყოფენ.
ერთი კვირის ან ცოტა მეტის შემდეგ, ეს პრესიმპტომური ადამიანები ცუდად გახდებიან, ტესტით ვირუსი დაუდასტურდებათ და ოფიციალურ შემთხვევად გამოცხადდებიან.
ამის გამო, მრავალი ქვეყანა, მათ შორის ესპანეთიც, კორონავირუსის კვალის მიყოლისათვის ამჟამად კანალიზაციის წყლის მონიტორინგს ახორციელებს. ამ კონკრეტულ კვლევაში, იმის დასადგენად, როდის გამოჩნდა ვირუსი პირველად ბარსელონაში, ჩამდინარე წყლის ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე აღებული კანალიზაციის წყლის გაყინული ნიმუშები.
ვირუსის მტკიცებულებას მათ 2020 წლის 15 იანვრის ნიმუშში მიაგნეს, ანუ პირველ ოფიციალურ შემთხვევამდე 41 დღით ადრე. ამ თარიღამდე აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, გარდა 2019 წლის 12 მარტის ნიმუშისა, რომელმაც კორონავირუსის PCR ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა. PCR-ი ამჟამად COVID-19-ის ტესტირების სტანდარტული გზაა.
PCR-ისთვის საჭიროა ნერწყვის, ლორწოს, გაყინული ჩამდინარე წყლის ან ნებისმიერ ნიმუში, რომელშიც შეიძლება, ვირუსი იმალებოდეს, ნიმუშიდან ასუფთავებს ყველა არასაჭირო მასალას, შემდეგ კი ერთსპირალიან სტანდარტულ გენეტიკურ მასალას, რნმ-ს გარდაქმნის დნმ-დ (ორსპირალიანი მასალა).
ამის შემდეგ, ხდება დნმ-ის „გაძლიერება“ თანმიმდევრული ციკლებით იქამდე, ვიდრე იმ გენეტიკური მასალის საკვანძო ნაწილები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ვირუსებში გვხვდება, საკმარისი არ იქნება, რათა ის ფლუოროფორით (მოლეკულები, რომლებიც სინათლეს სპეციფიკურ ტალღის სიგრძეში შთანთქავენ და გამოყოფენ სხვა სახის, უფრო გრძელი ტალღის სიგრძის სინათლეს) დაფიქსირდეს.
როგორც წესი, კორონავირუსის ტესტირებისას, მეცნიერები ერთზე მეტ გენს ამოწმებენ. ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა გატესტეს სამი გენი. 2019 წლის მარტის ნიმუშებში დადებითი შედეგი მათ სამიდან ერთ გენში მიიღეს — RdRp გენში. მათ შეამოწმეს ამ გენის ორი რეგიონი და ორივე მათგანი მხოლოდ გაძლიერების დაახლოებით 39-ე ციკლზე ფიქსირდებოდა (PCR ტესტი ნაკლებ „ზუსტი“ ხდება გაძლიერების ციკლების ზრდისას. ზოგადად, მეცნიერები იყენებენ გაძლიერების 40-45 ციკლს).
არსებობს ამ დადებითი შედეგის რამდენიმე ახსნა. ერთი გახლავთ ის, რომ SARS-CoV-2 კანალიზაციის წყალში ძალიან დაბალი დონით არის წარმოდგენილი. მეორე კი ის არის, რომ შესაძლოა, სატესტო რეაქცია ლაბორატორიაში შემთხვევით დაბინძურდა SARS-CoV-2-ით. ლაბორატორიებში ასეთი რამ ხანდახან ხდება, რადგან იქ რეგულარულად აქვთ შეხება დადებით ნიმუშებთან; შეიძლება ზოგჯერ ძალიან რთული იყოს, რომ არ დავუშვათ დადებითი ნიმუშების ძალიან პატარა კვალით სხვა ნიმუშების დაბინძურება.
ამ შემთხვევის კიდევ ერთი ახსნა ის გახლავთ, რომ ნიმუშში არის სხვა ისეთი რნმ ან დნმ, რომელიც ტესტის სამიზნე ადგილს იმდენად ჰგავს, რომ გაძლიერების 39-ე ციკლზე ის დადებით შედეგს აჩვენებს.
დამატებითი ტესტებია საჭირო, რათა საბოლოოდ დადგინდეს, შეიცავს თუ არა ნიმუში SARS-CoV-2-ს; გარდა ამისა, ასევე საჭიროა, რომ ამ მასშტაბის აღმოჩენა განმეორედეს სხვა ლაბორატორიებშიც, კვლევის ავტორებისგან დამოუკიდებლად.
ამ აღმოჩენის ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ის არ ეთანხმება ვირუსის შესახებ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. ავტორები არაფერს ამბობენ, იყო თუ არა რესპირატორულ დაავადებათა შემთხვევების ზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში ან ნიმუშის აღების შემდეგ პერიოდში.
გარდა ამისა, ასევე ცნობილია, რომ SARS-CoV-2 ძლიერ გადამდებია, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ფორმით. თუ ეს შედეგი ნამდვილად დადებითი აღმოჩნდა, ცხადი გახდება, რომ მოსახლეობაში ვირუსი იმდენად იყო გავრცელებული, რომ დაფიქსირდა კანალიზაციის წყლის 800 მილიგრამ ნიმუშშიც, მაგრამ ამის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში იმდენად ძლიერად აღარ იყო წარმოდგენილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აღებულ ნიმუშებშიც დაფიქსირებულიყო.
გამომდინარე აქედან, სჯობს, შემდგომი კვლევების ჩატარდებამდე, საბოლოო დასკვნებისგან თავი შევიკავოთ.
კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.