ივლისი ბრწყინვალე თვე იქნება ასტრონომიის მოყვარულთათვის.
27 ივლისის ღამეს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას იხილავენ. ამის შესახებ EarthSky იუწყება.
ასტრონომთა განცხადებით, სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ნაწილობრივი დაბნელება კი 3 საათსა და 55 წუთს.
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე, დედამიწა და მზე ერთ ხაზზე განლაგდებიან, რა დროსაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილქვეშ ექცევა.
ეს კონკრეტული დაბნელება ასე დიდხანს იმიტომ გაგრძელდება, რომ მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის ყველაზე ბნელ რეგიონში, რომელსაც უმბრას უწოდებენ.
ივლისის სავსემთვარეობა დაემთხვევა მთვარის აპოგეას, ანუ მომენტს, როცა მთვარე დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება თავის ორბიტაზე.
ეს იქნება ყველაზე პატარა და შორეული სავსე მთვარე წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება დედამიწის ჩრდილში გასავლელად. შესაბამისად, ხანგრძლივი იქნება დაბნელებაც.
EarthSky-ს ცნობით, ყველაზე დიდხანს, მთვარე შეიძლება 1 საათისა და 47 წუთის განმავლობაში დაბნელდეს.
მთვარის დაბნელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში მოვა 2003 წლის შემდეგ.
31 ივლისს, წითელი პლანეტა ჩვენგან მხოლოდ 57,6 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული და ღამის ცაზე საოცრად კაშკაშა გამოჩნდება.