მარსი გვიახლოვდება - ყველაზე ახლოს დედამიწასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში
მარსი გვიახლოვდება - ყველაზე ახლოს დედამიწასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში

მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, მარსი ღამის ცაზე ისეთი კაშკაშა გამოჩნდება, როგორიც არ ყოფილა ბოლო 15 წლის მანძილზე.

ამის მიზეზი ის არის, რომ ივნისსა და ივლისში წითელი პლანეტა დედამიწასთან 2003 წლის შემდეგ ყველაზე ახლოს მოვა. ამ დროს ჩვენი პლანეტა მარსსა და მზეს შორის ჩაივლის.

31 ივლისს, მარსი სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს. წითელი პლანეტა ამ დროს დედამიწისგან 57 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.

ივლისში მარსის დანახვა საკმაოდ ადვილი იქნება შეუიარაღებელი თვალით და დაჩრდილავს თითქმის ყველა ვარსკვლავს.

ამ ყველაფერის მიზეზია ფენომენი, რომელსაც პერიჰელიონურ ოპოზიციას უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, პროცესი, როცა დედამიწა პირდაპირ მზესა და მარსს შორის ჩაივლის. გასულ თვეში, ჩვენს პლანეტასთან ასეთ ოპოზიციაში იუპიტერი იყო. გაზის გიგანტ პლანეტამდე მაშინ 658 მილიონი კილომეტრი გვაშორებდა.

მარსის ოპოზიცია დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლოს ის 2016 წელს დაფიქსირდა. თუმცა, წლევანდელი ფენომენი იმით არის განსაკუთრებული, რომ ოპოზიციაში ყოფნის რამდენიმე კვირის განმავლობაში, მარსი ასევე ახლოს იქნება მზესთან, წერტილში, რომელსაც პერიჰელიონს უწოდებენ.

პერიჰელიონური ოპოზიცია კი მხოლოდ ყოველ 15-17 წელიწადში ერთხელ ხდება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარსი თქვენთვის კაშკაშა და თვალწარმტაცი გამოჩნდება, რეალობა უშუალოდ პლანეტაზე გაცილებით სხვანაირია.

უკვე რამდენიმე კვირაა, წითელ პლანეტაზე ქვიშის შტორმი მძვინვარებს. სტიქია გავრცელებულია ფართობზე, რომელიც ერთად აღებულ რუსეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას აღემატება.

შტორმი საფრთხეს უქმნის NASA-ს მარსმავალ Opportunity-ს, რომელიც სააგენტომ ძილის რეჟიმში გადაიყვანა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.