ივანე გეთია - კლუბ „ბასიანის“ გახსნის საკითხი ხვალ განიხილება
ივანე გეთია - კლუბ „ბასიანის“ გახსნის საკითხი ხვალ განიხილება

კლუბ „ბასიანის“ გახსნის საკითხი ხვალ განიხილება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ივანე გეთიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ფორმატი და ხვალინდელი დღის წესრიგი იქნა განხილული, დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

„როდის გაიხსნება „ბასიანი“ – ეს საკითხიც განიხილება ხვალ. ეს ძალიან მსხვრევადი საკითხია, ძალიან დიდი დაფიქრება და ყურადღება სჭირდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი მოვიტოვეთ ხვალ, ვინაიდან არ არის ერთი, ორი და სამი კაცის, ან კლუბის აქცია. ეს არის ხალხის ხმა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია ჩვენივე თანამებრძოლებისგან, ამ შეხვედრებზე  დეტალურად რომ გავიაროთ ეს ყველაფერი. ვალდებულები ვიყავით, რომ ეს ფორმატი დღეს დაგვედგინა და უფრო მომზადებულები შევხვედროდით ერთმანეთს“, – განაცხადა გეთიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე წარმომადგენელი იქნება.

„ექვს-შვიდ კაცზე არის საუბარი, 40 კაცი ვერ იქნება ამ შეხვედრებზე. გაიხსნება თუ არა კლუბები – თქვენზე მეტად ეს საკითხი, დამიჯერეთ, მე მაინტერესებს. ამაზე ხვალ ალბათ იქნება პასუხი“, – განაცხადა ივანე გეთიამ.

ამასთან, მისი შეფასებით, კლუბში სპეცოპერაცია იყო არასწორი და მიუღებელი ფაქტი.

„დღევანდელი შეხვედრა არ იყო შინაარსობრივი. დღევანდელი შეხვედრა იყო ფორმატის განსახილველი, რომ ხვალინდელი დღის წესრიგი დამდგარიყო. შესაბამისად, ჩვენ თავი შევიკავეთ კონკრეტიკისა და სხვა, ღრმა დეტალებში შესვლისგან, რომ ხვალ გაცნობიერებულად და გაწონასწორებულად დავგეგმოთ. ამ შემთხვევაში, ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს იყო არასწორი და მიუღებელი ფაქტი“ , – განაცხადა „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი – ერთი ჯგუფი იმუშავებს ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე​, მეორე კი – 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე.