გიორგი გახარია - შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებს ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე
გიორგი გახარია - შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებს ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი.

მინისტრის თქმით, ერთი ჯგუფი იმუშავებს ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე​, მეორე კი 12 მაისს განვითარებულ მოვლენებზე.

„შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით და ეს იქნება ასე ვთქვათ ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს.

მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე, არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც მთავარ პროკურატურაში არ არსებობს“,- განაცხადა შს მინისტრმა.