ივანე ჩხაიძე - „სინოვაკი“ ძალიან კომფორტული ვაქცინაა, ვიმედოვნებთ, მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას მისცემს
ივანე ჩხაიძე - „სინოვაკი“ ძალიან კომფორტული ვაქცინაა, ვიმედოვნებთ, მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას მისცემს

ვიმედოვნებთ, ამ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მისცემს კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას, „სინოვაკს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„კარგი პროცესია, როცა საქართველოში შემოსული სამი ვაქცინა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირაში ჯანმო ავტორიზაციას მისცემს კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას. ეს არის „სინოვაკი“, რომლის 100 000 დოზა უკვე არის ქვეყანაში. ამ პერსპექტივების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, უკვე 62 000 ადამიანია ქვეყანაში აცრილი და მათგან 10 000-ზე მეტი სრულფასოვნად, ორივე დოზით. რა თქმა უნდა, ეს შორს არის იმ მიზნისაგან, რაც ჩვენ გვქონდა განსაზღვრული, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჯერჯერობით წინ გვაქვს ვაქცინაციის მასობრივი კამპანია, როცა ქვეყანაში შემოტანილი იქნება ვაქცინების გაცილებით დიდი რაოდენობა, უფრო დიდი მარაგი. „სინოვაკი“ ძალიან კომფორტული ვაქცინაა, ვინაიდან აქაც ალბათ ასაკობრივ ჯგუფზე საუბარი არ იქნება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კარგად. რაც მთავარია, ძალიან მისასალმებელია, რომ რეგიონებში აქტიურობა გაცილებით მეტია. ასე რომ, იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ წლის ბოლოსათვის მიზანს მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.