ივანე ჩხაიძე - ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს მზად აქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად, რომ საქართველოში ვაქცინაცია დავიწყოთ 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფებში
ივანე ჩხაიძე - ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს მზად აქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად, რომ საქართველოში ვაქცინაცია დავიწყოთ 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფებში

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ  ბავშვებში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ მრჩეველთა იმუნიზაციის ჯგუფს მზად აქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად.

მისივე თქმით, რეკომენდაცია გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დაიწყოს მხოლოდ შერჩევის საფუძველზე, რაც მოიაზრებს აცრის ჩატარებას მხოლოდ და მხოლოდ რისკჯგუფებში.

როგორც ივანე ჩხაიძემ საკითხზე საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას თუ შეცვლის ან მეტი კვლევა დაგროვდება, შესაძლოა, ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყოს შერჩევითი მიდგომის გარეშეც სხვა ასაკობრივ ჯგუფში.

„საქართველოში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესი 0-18 წლამდე განისაზღვრება. მეორე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც მოჰყვება „ფაიზერის“ მიერ ჩატარებულ კვლევებს, არის 12-დან 15-წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ძალიან ბევრი ქვეყანა მაისიდან უკვე ახორციელებს ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია. ორი განსხვავებული ტაქტიკაა, ერთი უნივერსალური ვაქცინაცია – 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და მეორე ვაქცინაცია ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ რისკჯგუფებში.

საქართველოს აქვს ორი გზა, წავიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები. ტექნიკურ მრჩეველთა იმუნიზაციის ჯგუფს მზად აქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად. ეს რეკომენდაცია გულისხმობს, საქართველოში ვაქცინაცია დავიწყოთ 12-დან 15 წლამდე რისკის ჯგუფებში. ამ ჯგუფში შემავალი პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა. ამის შემდეგ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეცვლის ამ რეკომენდაციას და გახდის უნივერსალურს ან უფრო მეტი კვლევა დაგროვდება, ჩვენ შეიძლება, სხვა ასაკობრივ ჯგუფშიც დავუშვათ ვაქცინაცია შერჩევის გარეშე.

აშშ სავარაუდოდ დაიწყებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები არ წარმოადგენენ კორონავირუსის ძირითად სამიზნეს, ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორი. ახლა რომ იყოს აგვისტოს დასაწყისი, სავრაუდოდ ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება, უფრო რადიკალური ყოფილიყო. ამჟამად ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ეპიდვითარებას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვაქცინაციაზე საუბრისას ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ გარკვეული რაოდენობის მიოკარდიტის შემთხვევები დაფიქსირდა ახალგაზრდებში.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, მიოკარდიტი არის გულის კუნთის ანთება, რომელიც ხშირად ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

„ფაიზერის“ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდებში გარკვეული რაოდენობის მიოკარდიტის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს რაოდენობა არის 90-95 შემთხვევა ერთ მილიონ ვაქცინირებულზე და 11-15 შემთხვევა ერთ მილიონ ვაქცინირებულზე გოგონებში, თუმცა ყველა შემთხვევა დაექვემდებარა მარტივ მკურნალობას. მიოკარდიტი არის გულის კუნთის ანთება, რომელიც ხშირად ვითარდება ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. ეს გართულება ისეთივე გართულების კატეგორიაში შედის, რომელიც ვაქცინის გაკეთებისას ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი, მაგრამ არ არის სიცოცხლისთვის საშიში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა ჩაიტარონ სხვა ტიპის ვაქცინით.

„ორი სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება ზრდის ანტისხეულების ანუ დაცვითი ძალის მაჩვენებელს, შესაძლოა, გვერდითი მოვლენების სპექტრი გაიზარდოს, მაგრამ არა სიმძიმე, პირიქით, ბევრი ქვეყანა მიზანმიმართულად ახორციელებს სხვადასხვა ვაქცინით აცრას. მიღებული პრაქტიკაა, თუ ნებისმიერი ვაქცინის პირველ დოზაზე პირს უფიქსირდება გართულება და რაც მთავარია, სამედიცინო მხრიდან ეს შეფასებულია ვაქცინის შემდგომ გართულებად, მას აქვს საშუალება, წერილით მიმართოს ჯანმრთელობის სამინისტროს, განვიხილავთ და მივცემთ თანხმობას ან – არა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ორსულთა ვაქცინაციას, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ორსულების ჯგუფი არის პრიორიტეტული და პირველ რიგში, მათ უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია.

„როგორც გრიპის, ისე კოვიდის ვაქცინის შემთხვევაში, ორსულები რისკის ჯგუფებად არიან დასახელებული. შესაბამისად, ორსულების ჯგუფი არის პრიორიტეტული და პირველ რიგში, მათი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.