იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე პასუხობს.
მან გასაუბრების დაწყებამდე საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა. მიქაბერიძის თქმით, ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის საფუძველი, მისი წარსული გამოცდილებაა.
„მე სასამართლოსთან ურთიერთობა მაქვს 2006 წლიდან. სხვადასხვა პოზიციებზე მაქვს ნამუშევარი. პირველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის მარტში დავიწყე მუშაობა, კურიერის პოზიციაზე, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე ამ პოზიციაზე, შემდგომ მივიღე მონაწილეობა კონკურსში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ვიყავი კანცელარიის სპეციალისტი, შემდეგ მოხდა ჩემი გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე. ვიმუშავე ასევე მოსამართლის თანაშემწედ სხვადასხვა წლების განმავლობაში როგორც თბილისი საქალაქო სასამართლოში, ასევე ადმინისტრაციულ კოლეგიაში. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად. მქონდა შეხება გადაწყვეტილების პროექტების მომზადებასთან, ამიტომ ჩემთვის ცნობილია უზენაესი სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს იმისათვის, რომ საკუთარ თავს დავუსახო მიზანი. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ მიბიძგა, რომ მონაწილეობა მიმეღო კონკურსში“, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.