ოთარ კახიძე - პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, ირაკლი შოთაძის გარდა არც ერთ კანდიდატთან გასაუბრებას არ დავესწრები
ოთარ კახიძე - პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, ირაკლი შოთაძის გარდა არც ერთ კანდიდატთან გასაუბრებას არ დავესწრები

საპროკურორო საბჭოს სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარდგენილი ოთარ კახიძე არ დაესწრება.

მან გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პროკურორობის 16 კანდიდატის მოსმენა ფორმალური იქნება, რეალურად კი, წინასწარაა შეთანხმებული კანდიდატ ირაკლი შოთაძის არჩევა.

სწორედ ირაკლი შოთაძეა ის გამონაკლისი კანდიდატი, რომელთან გასაუბრებაზე დასწრებასაც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს.

კახიძის განცხადებით, ყოფილ გენერალურ პროკურორთან და ამჟამად პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან რამდენიმე საკითხის ირგვლივ აქვს კითხვები, რომელთგან მთავარი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაა.

„ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა, ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის, არის სრული ფარსი, არავითარი კავშირი აქვს კანონთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად, მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, რომელსაც მოუწევს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც აქვს საზოგადოებას, აუცილებლად დავესწრები ამ სხდომას და ამ კითხვებსაც მასთან დავსვამ. ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას და იმ გენერალურ პროკურორს, რომლის პროკურორობის დროსაც საზოგადოებისთვის სააშკარაოდ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, დამნაშავეთათვის ხელის დაფარება, მხედველობაში მაქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, რასაც მოჰყვა მისი გადადგომა, ამ პროკურორს აბრუნებს კვლავ თანამდებობაზე“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. პირველ კანდიდატთან ინდივიდუალურ რეჟიმში გასაუბრება 11:30 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, ანბანური თანმიმდევრობით დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ, ინტერვიუების ნახვა კი მოქალაქეებს საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით შეეძლებათ.

საპროკურორო საბჭოს, კანონის შესაბამისად, პროკურორობის კანდიდატები აკადემიურმა წრეებმა და სამოქალაქო სექტორმა წარუდგინეს, ცალკეულ შემთხვევებში კი რამდენიმე მსურველმა საბჭოს პირადად მიმართა. გენერალური პროკურორის პოსტზე სულ 16 კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: ვიქტორ ახალბედაშვილი; პაატა გაბელია; რაულ გამისონია; მერაბ გამყრელიძე; ვალერიან ვაჭარაძე; დავით ზირაქაშვილი; ფიქრია ზირაქაშვილი; დარიკო თორდია; ვალერი კვანტალიანი; ალექსანდრე კობაიძე; კობა კობახიძე; დავით კოდანაშვილი; სოფიო შენგელია; ირაკლი შოთაძე; გელა ჩივაძე; რამაზ ჩინჩალაძე.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ფარული კენჭისყრით არანაკლებ სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი ერთ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც უკვე პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად. საკანონმდებლო ორგანო ახალ გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით სხვა კანდიდატებს შეარჩევს.