ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არ ჩაერთვება
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არ ჩაერთვება

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არ ჩაერთვება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ არ შეაჩეროს მოსამართლეების არჩევის პროცესი, წარმოადგენს სასამართლო სისტემაში საჭირო ცვლილებებისა და რეფორმებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს. მისი თქმით, ამით მმართველი პარტია არღვევს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას.

„19 აპრილის შეთანხმების საპირისპიროდ, ხელისუფლება აჭიანურებს სასამართლო რეფორმის დაწყებას; აპირებს, გადაავადოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რომელსაც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ხმებიც სჭირდება; არ აჩერებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების განხილვის პროცესს, რომელთა არჩევისთვისაც საკმარისია მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები.

ყველა ეს პუნქტი შეთანხმებაში ნათლად არის გაწერილი, მათ შორის შეთანხმებაში პირდაპირ წერია: უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, დაიძრას ის პროცესები, სადაც ოპოზიციის ჩართულობა სავალდებულოა და გავლენას მოახდენს შედეგზე. ამის საპირისპიროდ, შეთანხმების დარღვევით იწყებენ პროცესს, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია ხმათა უბრალო უმრავლესობა, რომელიც მმართველი პარტიის ხელშია.

მმართველი პარტია გვთავაზობს, ჩავერთოთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პროცესში ჩართვის და გამჭვირვალობის მნიშვნელობა, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროცესების გამჭვირვალობას მაშინ აქვს რეალური ღირებულება, როდესაც ის უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს და არა მაშინ, როდესაც ხდება გამჭვირვალობის ინსტრუმენტად გადაქცევა არასწორი მიზნის მიღწევის პროცესში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეაჩეროს მოსამართლეთა არჩევის პროცესი, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სასამართლო რეფორმის ჯგუფი, ასევე. სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიგეგმოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კონკურსის გამოცხადების და შერჩევის პროცესი და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, აირჩეს საბჭოს ხუთი ახალი წევრი. მისი განცხადებით, ასევე უნდა შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შემსწავლელი კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიგნებები და დასკვნები დაეხმარება პარლამენტს, განახორციელოს რეფორმები.

დატოვე კომენტარი