მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართება
მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩატარებას დღეს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, დღეს დასრულდება მოსამართლეობის მსურველი 20 კანდიდატიდან ბოლო მათგანის მოსმენა. ოხანაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცედურამდე მას დაგეგმილი აქვს კონსულტაციების გამართვა კომიტეტის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე უფრაქციო კომიტეტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„მე რომელიღაც კანდიდატის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, ვინაიდან ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება მსჯელობა. ჩვენი ამოცანაა, კენჭისყრებთან დაკავშირებით არ ვიჩქარით. თეორიულად ჩვენ შეგვეძლო დღეს კენჭისყრის პროცედურა დაგვეწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავმართოთ კონსულტაციები, მათ შორის – პოლიტიკური.

დღეს კენჭისყრების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. ასევე ვფიქრობ, რომ კენჭისყრებთან დაკავშირებით არც მომდევნო კვირას უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ვფიქრობთ, კონსულტაციები მომდევნო კვირასაც განვაგრძოთ. პირადად ვგეგმავ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მომდევნო კვირის დასაწყისში. დღეს ვგეგმავ, შევხვდე კომიტეტის ყველა წევრს – როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს. მათთან ერთად ვიმსჯელო და გავიაროთ კონსულტაციები ამ პროცესთან და კენჭისყრის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.