იუსტიციის სამინისტრო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ინფორმაციას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს ატყობინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

„სასამართლო გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა აგრძელებს ძირითად საქმიანობას განსაკუთრებით საქმეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი. აგრეთვე, შექმნილია პროცედურა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების გადაუდებელი მოთხოვნების განსახილველად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, სადაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე.

პოტენციური მომჩივნებისა და ადვოკატებისთვის საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ექვსთვიანი ვადა, საგამონაკლისოდ, შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში. ამასთან, მიმდინარე პროცედურების ფარგლებში განსაზღვრული ვადები შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში.

სასამართლოს ფუნქციონირების ზემოხსენებული ახალი რეჟიმი ექვემდებარება მუდმივ გადასინჯვას, გარემოებების ცვლილების გათვალისწინებით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.