რატი იონათამიშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დავამარცხეთ რუსული ოკუპაცია, სამწუხაროა, რომ ამ საკითხს არ გამოეხმაურა ოპოზიცია
რატი იონათამიშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დავამარცხეთ რუსული ოკუპაცია, სამწუხაროა, რომ ამ საკითხს არ გამოეხმაურა ოპოზიცია

სიმბოლური იყო, რომ გადაწყვეტილება დაემთხვა 9 აპრილს, 9 აპრილს ჩვენ კიდევ ერთხელ დავამარცხეთ რუსული ოკუპაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აინტერესებთ, რომ საქართველო რუსეთს ამარცხებს, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ განცხადებას არ გამოხმაურებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმეები, რაც მანამდე იყო, 2008 წლის ომის შეფასება სტრასბურგის მიერ, შემდეგ 90-იანი წლების ოკუპაციის და დღეს უკვე ბორდერიზაციის და ოკუპაციის განგრძობითობა, შეფასდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ერთადერთი, რაც სამწუხაროა, ოპოზიცია არ გამოეხმაურა ამ საკითხს და არ აღნიშნა. როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ ის, რომ საქართველო ამარცხებს რუსეთს, როგორც სტრასბურგის, ისე ევროპის სასამართლოებში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.