იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას ანა დოლიძის აცილება კიდევ ორმა მოსამართლემ მოითხოვა
იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება კიდევ მოსამართლემ მოითხოვა. ანა დოლიძე გასაუბრების პროცესს არ დასწრებია.
მოსამართლეებმა აცილების გადაწყვეტილების მიზეზებზე გასაუბრების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი და მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.
ერთ-ერთმა მოსამართლემ შოთა სირაძემ განაცხადა, რომ ამ კრიტიკის დროს მისი სახელი და გვარიც იყო ნახსენები.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ მისი აცილების საკითხმა მის წინააღმდეგ კამპანიის სახე მიიღო. ის აპირებს, რომ აცილების საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ანა ციმაკურიძის შეფასებით, კითხვებს აჩენს, რომ სულ უფრო მეტი მოსამართლე აყენებს აცილების საკითხს და ეს ხდება ყოველგვარი საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე.
დღეს იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრები 17 კანდიდატს მოუსმენენ. მათ შორისაა, საბჭოს მოქმედი წევრი ირაკლი ბონდარენკო, ასევე მოსამართლე რომან ხორავა, რომელიც არა ერთი გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. მათ შორის ფარული ჩანაწერების საქმეზე, ასევე როდესაც ხორავას გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულ ოთარ აბესაძეს და ამასთან, როდესაც მოსამართლე რომან ხორავას გადაწყვეტილებით „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გირაოს გამოყენებით გათავისუფლდა.
საერთო ჯამში, საბჭოს წევრები 50 კანდიდატის საკითხს განიხილავს და ორ კვირაში კენჭისყრებისას მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი მოსამართლე გამწესდეს თანამდებობაზე უვადოდ.
ანა დოლიძის აცილება უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე გუშინ მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ მოითხოვეს.