უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ მოითხოვეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი რევაზ ნადარაია, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი კანდიდატია, მოითხოვა მასთან გასაუბრების დროს შეხვედრა დაეტოვებინა. დოლიძის განცხადებით, ამის საბაბი მის მიერ სასამართლო სისტემისადმი გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა.

„მორიგ ჯერზე გავხდი მოწმე ე. წ ამხანაგური გასამართლების, მოწმე კი არა ობიექტი, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები სათითაოდ ჩემს საჯარო განცხადებებზე იმეორებდნენ ხან მითითებას, ხან მოწოდებას, ხან რჩევას, ყველანაირი ფორმით ახორციელებდნენ ჩემზე წნეხს, რასაც მე მხოლოდ ძველი სტილის ამხანაგურ სასამართლოს დავარქმევდი. აცილების გამოყენების პრაქტიკა ახალი არ არის იმისათვის, რომ არაკომფორტული პირის ყოფნა საბჭოს სხდომაზე თავიდან ავიცილოთ. მანამდე იყო სხვა წევრების მიმართ გამოყენებული. რევაზ ნადარაიას მიერ ჩემი აცილების საბაბი იყო ჩემი გუშინდელი განცხადებები“, – აცხადებს ანა დოლიძე.

რაც შეეხება რევაზ ნადარაიას პოზიციას, ის თვლის, რომ დოლიძის განცხადებები არაეთიკურია.

„ქალბატონი ანა დოლიძე მე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე, მან განაცხადა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლოში და იხილავდნენ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებს არ უნდა დაინიშნონ სასამართლო სისტემაში, ანუ პირდაპირ გამოთქვა აზრი ამ კონკურსანტების მიმართ და მე ვფიქრობ, ჩემს მიმართ და ამ მოსამართლეების მიმართ ის ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში და გასაუბრებაში. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ მოსამართლეს მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები ზიანს აყენებს მთელს სიატემას“, – აცხადებს მოსამართლე რევაზ ნადარაია.

გასაუბრებიდან ანა დოლიძის გასვლა გუშინ კიდევ ერთმა კანდიდატმა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მოითხოვა და ამის საფუძველი როგორც დოლიძე აცხადებს, მისი კრიტიკული განცხადება იყო. ანა დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კვლავ რჩებიან ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები.

დატოვე კომენტარი