იუპიტერის მთვარე იოს უდიდესი ვულკანი ამოფრქვევის პირასაა - მეცნიერები დაკვირვებისთვის ემზადებიან
იუპიტერის მთვარე იოს უდიდესი ვულკანი ამოფრქვევის პირასაა - მეცნიერები დაკვირვებისთვის ემზადებიან

იუპიტერის მთვარე იოს უდიდესი ვულკანი ამოფრქვევის პირასაა. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებებმა ვულკანის ამოფრქვევებში პერიოდული ციკლი გამოავლინა. წინა ციკლიდან გამომდინარე, შემდეგი ამოფრქვევა უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.

ამოფრქვევაზე დაკვირვება ბევრ ახალ ცნობას მოგვცემს როგორც ამ ვულკანის, ისე თავად იოს შესახებ, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე აქტიური ვულკანური ობიექტია.

როგორც 1988-2000 წლებს შორის მიმდინარე დაკვირვებათა შედეგად დადგინდა, მასიურ ვულკანს, სახელად ლოკი, აქვს დაახლოებით 540-დღიანი ციკლი.

ამოფრქვევის დაწყებისას, ლოკი გაკაშკაშდება და ასე იქნება მომდევნო 230 დღის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ ჩაბნელდება. ამის შემდეგ, ციკლი განმეორდება. ასე ხდებოდა 2001 წლამდე, როცა ლოკიმ გაკაშკაშება და ჩაბნელება შეწყვიტა.

2013 წლიდან, ლოკიმ კვლავ გაიღვიძა, მაგრამ ოდნავ ხანმოკლე ციკლით — 475 დღე 540-ის ნაცვლად. მას შემდეგ, 475-დღიანი ციკლი შენარჩუნდა.

თუკი ეს ციკლი არ შეცვლილა, ლოკი 2019 წლის სექტემბერში უნდა ამოიფრქვეს.

ხომალდ „ვოიაჯერ 1-ის“ მიერ გადაღებული ვულკანი ლოკი

პლანეტური მეცნიერის, ჯული რათბანის და მისი ჯგუფის აზრით, ლოკი არის ლავის ტბა, რომელიც ჩაგუბებულია 200 კმ სიგანის კრატერის მსგავს დეპრესიაში, რომელსაც პატერას უწოდებენ. როცა ტბის ზედაპირის ქერქი ცივდება, გრავიტაციულად არასტაბილური ხდება და შიგნით კოლაფსირდება, ტბიდან ახალი ლავა იწყებს ამოფრქვევას.

ეს მოსაზრება დაადასტურა 2017 წლის დაკვირვებებმაც, როდესაც შენიშნეს, როგორ გადმოდიოდა ლავის ტალღები პატერადან ნელ-ნელა. ეს პროცესი 230 დღე გრძელდებოდა.

უცნობია, რამ გამოიწვია ციკლის შეჩერება 2001-2013 წლებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი მაგმაში აქროლადების შემცველობის ცვლილება იყო, რაც გავლენას ახდენს თავად მაგმისა და ქერქის სიმკვრივეზე. ქერქის ჩაძირვის დროზე გავლენის მოხდენა მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია.

ბოლო ამოფრქვევა 2018 წლის 23 მაისიდან 6 ივნისამდე მონაკვეთში დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის სექტემბრამდე არის 475-დღიანი ფანჯარა.

რათბანის განცხადებით, ვულკანების პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან მათ ამოფრქვევაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მაგმით უზრუნველყოფის მაჩვენებელი, მაგმის შემადგენლობა (განსაკუთრებით მასში ბუშტების არსებობა), იმ ქანის ტიპი, რომელზეც ვულკანია განთავსებული, ქანების დაბზარვის მდგომარეობა და ა. შ.

მისივე თქმით, ლოკი პროგნოზირებადია, რადგან ის ძალიან დიდია. მისი ზომის გამო, ამოფრქვევაზე დომინირებს საბაზისო ფიზიკა და შესაბამისად, პატარა გართულებები, რომლებიც გავლენას ახდენს პატარა ვულკანებზე, ლოკის დიდად არ ეხება.

მომზადებულია psi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.