იუპიტერის მთვარე ევროპას ყინულებიდან წყლის ჭავლების ამოფრქვევა საბოლოოდ დადასტურდა
იუპიტერის მთვარე ევროპაზე მოუხელთებელი და იდუმალი წყლის ორთქლის ჭავლები როგორც ჩანს, მართლაც არსებობს.
ნასას ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ასეთი ჭავლების არაპირდაპირი კვალი წარსულში შენიშნა. ცნობილია, რომ ევროპას ყინულოვანი საფარის ქვეშ უზარმაზარი, მლაშე ოკეანეა გადაჭიმული. ამჯერად, პირველად ისტორიაში, წყლის ორთქლის ეს ჭავლები მეცნიერებმა პირდაპირ დააფიქსირეს.
კვლევის ავტორის, ნასას პლანეტური მეცნიერის, ლუკას პაგანინის განცხადებით, მზის სისტემაში ბევრგან არის ნაპოვნი სიცოცხლისათვის აუცილებელი სამი აუცილებელი საჭიროებიდან ორი — გადამწყვეტი ქიმიური ელემენტები (ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, ფოსფორი და გოგირდი) და ენერგიის წყაროები, თუმცა მესამე — თხევადი წყალი, დედამიწის მიღმა ძნელი საპოვნელია.
მისი თქმით, მეცნიერებს თხევადი წყალი პირდაპირ არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ იპოვეს არანაკლებ მნიშვნელოვანი — წყალი ორთქლის ფორმაში.
იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრის, 3100 კმ სიგანის მქონე ევროპას შესასწავლად პაგანინიმ და მისმა კოლეგებმა ჰავაიზე განთავსებული კეკის ობსერვატორია გამოიყენეს. ასტრობიოლოგთა აზრით, ევროპა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.
მკვლევრები ევროპას 17 ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ — 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდში. ერთ-ერთ ასეთ ღამეს, 2016 წლის 26 აპრილს, მათ წყლის ორთქლის ძლიერი სიგნალი მიიღეს, ინფრაწითელი სინათლის მიერ გამოყოფილი ტალღის სიგრძის სახით.
მკვლევართა გათვლების მიხედვით, ამ ნივთიერების ოდენობა მართლაც ბევრი უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 2095 ტონა. ეს რაოდენობა საკმარისია ოლიმპიური აუზის გასავსებად.
მეცნიერთა აზრით, ამ წყლის წყაროა ჭავლი, რომელიც ევროპას ქვეშ არსებული ოკეანიდან უნდა მოდიოდეს; ასევე არ გამორიცხავენ, რომ ორთქლი მოდის ევროპას გარსში დამდნარი ყინულის რეზერვუარიდან.
გეტყვით, რომ წყლის ორთქლის ეს მოცულობა, რაც ევროპაზე შენიშნეს, გაცილებით მაღალია იმასთან შედარებით, რასაც ეგზოგენური პროცესების შედეგად გამოყოფის სცენარი პროგნოზირებდა; იგულისხმება ევროპას ზედაპირიდან წყლის მოლეკულების ამოცლა იუპიტერის მძლავრი რადიაციული სარტყლების მიერ. პაგანინის აზრით, ასეთი პროცესი ევროპაზე რეგულარულად უნდა ხდებოდეს.
ახლა უკვე ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ევროპაზე წყლის ორთქლის ჭავლები მართლაც არსებობს. გარდა ახალი კვლევის შედეგებისა და ჰაბლის მიერ დაფიქსირებული ატომური წყალბადისა და ჟანგბადისა (რომლებიც მიიღება რადიაციის მიერ წყლის მოლეკულების დაშლით), ევროპას თავზე 1997 წელს გადაფრენისას, პლაზმის, ანუ იონიზებული გაზის სიმკვრივის დიდი ზრდა შენიშნა ნასას ხომალდმა „გალილეომაც“.
ნათელი ხდება ისიც, რომ ევროპას ჭავლები შემთხვევითია (სპორადული). ამ მხრივ, ისინი ძალიან განსხვავდება სატურნის ყინულოვანი მთვარე ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან მუდმივად მფრქვევი ჭავლებისგან. ცნობილია, რომ ოკეანე ენცელადის ყინულოვანი საფარის ქვეშაც არსებობს. ამ მთვარის ზედაპირიდან გამუდმებით იფრქვევა წყლის ასზე მეტი გეიზერი.
ევროპადან და ენცელადიდან ამოფრქვეული ასეთი ჭავლები ძალიან ამაღელვებელია ასტრობიოლოგთათვის, რადგან სავარაუდოდ, ამ მთვარეების ოკეანეები სიცოცხლისათვის ხელსაყრელია და წყალს ისინი სწორედ იქიდან ტყორცნიან. ჩვენ მიერ გაგზავნილ ხომალდებს თავისუფლად შეუძლიათ ამ ორთქლში გავლა და ნიმუშების აღება. ენცელადის ჭავლებში წლების წინ გაიარა ხომალდმა „კასინიმ“, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლის დასაფიქსირებლად საჭირო აღჭურვილობა არ ჰქონდა. სასიხარულო კი ის არის, რომ ეს სულ მალე შეიძლება მოახერხოს ნასას სხვა, ახალმა ხომალდმა.
ნასა ამჟამად აქტიურად მუშაობს მისიაზე, სახელად „ევროპა კლიპერი“, რომელიც 2020-იანი წლების შუაში გაეშვება. ხომალდი ევროპას ორბიტაზე საკმაოდ ახლოს იმოძრავებს, შეისწავლის ამ მთვარეს და მის ოკეანეს, ასევე შეეცდება იპოვოს ისეთი ადგილები ზედაპირზე, სადაც მომავალში სიცოცხლეზე მონადირე მავალი დაჯდება. „ევროპა კლიპერს“ ევროპადან ამოფრქვეულ ჭავლებში გავლაც შეეძლება.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.