იტალიის ქალაქ როკა იმპერიალეში, ერთ-ერთ კედელზე პოეტ დავით მაღრაძის ლექსი განთავსდა [ფოტო-ვიდეო]

იტალიაში, კალაბრიის რეგიონის ისტორიულ ქალაქ როკა იმპერიალეში, ერთ-ერთ კედელზე პოეტ დავით მაღრაძის ლექსი განთავსდა. კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრული ლექსი, სახელწოდებით „ნატას და ელენეს“,  პოეტების: გარსია ლორკას, სალვატორე კვაზიმოდოს და სხვათა ტექსტების გვერდით არის  განთავსებული.

დავით მაღრაძის ლექსი იტალიურ და ქართულ ენებზე ქალაქის კედელზე მას შემდეგ მოხვდა, რაც გასულ წელს ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ ქართველი პოეტი ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიით დააჯილდოვა.

კალაბრიაში საზეიმო გახსნის ღონისძიებას სალვატორე კვაზიმოდოს ვაჟი, ცნობილი პოეტები და მწერლები ესწრებოდნენ.