დავით მაღრაძე - ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს
დავით მაღრაძე - ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს

ევროკომისიის ახალი შეფასება დამაიმედებელი და სამართლიანია, რასაც ბოლო ხანს სხვადასხვა ფაქტორის გამო მოკლებული ვიყავით. ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფორმებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს. მასში გამორჩეულია ის, რომ ადამიანის თავისუფლების ინდექსით ყველა კანდიდატზე წინ ვართ და ეს ოფიციალურ დოკუმენტშიც არის აღნიშნული, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სურს, იმედი ჰქონდეს, რომ მომავალშიც ევროკავშირის გადაწყვეტილება დამყარებული იქნება სამართლიანობაზე­ და არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, როგორც ადრე, როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას­ მიანიჭეს, საქართველო კი დასაჯეს“.­

„ეს არის ფაქტი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაღალი თანამდებობის პირთა შეფასება სულაც არ სჭირდება­ იმ ლოგიკური ჯაჭვის დანახვას, რომელსაც­ სიმართლესთან­ მივყავართ. ეს არ ეხება მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნას.­ ვფიქრობ, პროექტი, რომელიც ადრე დაიწერა,­ უკრაინისა და საქართველოს განსაკუთრებულ­ ერთობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.­ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა იმაზე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე თუნდაც საქართველო-სომხეთის ან საქართველო-აზერბაიჯანის, რომლებთანაც, მეზობლობის გარდა, ისტორიულადაც მეტი საერთო გვაქვს – ჰაოსი და ქართლოსი გავიხსენოთ, თუმცა ის პროექტი ამ კონტექსტში არ იყო განხილული, საქართველო-უკრაინის გამორჩეულად ახლო ურთიერთობაზე იყო აგებული და რუსეთთან დაპირისპირებაში უნდა გამოხატულიყო“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მაღრაძის შეფასებით, ევროკომისიის ბოლო დასკვნა ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების ნაწილსაც გამოაცლის საფუძველს. „მათ, ვინც ირწმუნებოდა, რომ რუსეთისკენ გვაქვს გეზი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფრის, მათ შორის პოლიტიკურად არსებობის მორალური საფუძველიც გამოცლილი აქვთ – ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დროს ცდილობდა ამ ნარატივის დამკვიდრებას, თუმცა მათთან ზნეობრივი კრიტერიუმებით საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვაა. სააკაშვილის პარტია ბოლო ხანს ისედაც არაფერს წარმოადგენდა და ახლა კეზერაშვილი-ხაბეიშვილი-მერაბიშვილი-მელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაქსაქსულები უფრო უსუსურები არიან. რაც დრო გადის, მათი განცხადებები უფრო და უფრო უმწეოა“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

დავით მაღრაძის განმარტებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საზოგადოება მეორეხარისხოვანი ქვეყნის კომპლექსიდან გამოვიდა და მთავარ ადგილას სახელმწიფოს ინტერესი დააყენა, რის საფასურსაც ვიხდით ათასგვარი ცილისწამებით.

„საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე კარნახობს, რომ ამ პოლემიკაში არ ჩაერთოს იმ სიმძაფრით, რომელსაც გვკარნახობენ. ანგარიშს ვუწევთ, რომ უკრაინა ომშია ჩართული.

როდესაც საქართველოს მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს გადაჭარბებული არ არის. ამის დასტურია შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი, რომელიც, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, ახალი შესაძლებლობის­ ფანჯარაა საქართველოსთვის, რადგან ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. გლობალური პროექტის მონაწილე ქვეყანა გარე საფრთხეებისგან უფრო დაცული იქნება. ევროკომისიის ახალი დასკვნა და დადებითი შეფასებები, შესაძლოა, ამ პროექტის გამოძახილიც იყოს. დასავლეთი, მისი ოფიციალური სტრუქტურები თანდათან ეგუებიან იმ აზრს, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე საქართველოს უარი და ზომიერი პოზიცია ქვეყანაში­ სიტუაციის არევას არ ექვემდებარება­ – საზოგადოებას არ უღირს კანდიდატის სტატუსისთვის ომში ჩაბმა.

ჩვენ საკმარისად ვნახეთ ომები. ევროპასთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის ხარჯზე სტატუსის მიღება პროგრესი კი არა, დანაშაულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ზეციურ ევროკავშირს თუ ვიხილავთ. რუსეთი­ და უკრაინა დაახლოებით თანაბარი ძალის არიან, საქარ­თველოს კი რუკაზე მაინც დავხედოთ. ევროპის ნაკლიც ბევრი ვიცი, მაგრამ სიკეთე ჭარბობს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კანონის უზენაესობაში, ყოფით კულტურაში აისა­ხება და არა რიტუალურ გამარჯვებებსა და აღტყინებულ შეძახილებში. მასთან ურთიერთობაში სწავლობ, რომ წარსული, სულიერი კულტურა შენს აწმყოსა და მომავალში ცხოვრების წესზე უნდა ასახო. შექ­სპირი მხოლოდ გასართობად საკითხავი კი არ არის, ყოველდღიურობაშიც უნდა დაინერგოს, როგორც ეს ევროპაში გააკეთეს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.