იტალია 1934 | საინტერესო და სახალისო ფაქტები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს რიგით მეორე ჩემპიონატს 1934 წელს იტალიამ უმასპინძლა. ურუგვაიში ჩატარებული პირველი მუნდიალი იმდენად წარმატებული გამოდგა, როგორც ფინანსურად, ასევე დიდი საყოველთაო ინტერესით, რომ გადაწყდა, შეჯიბრება მუდმივი გაეხადათ.

ყველაზე ხანმოკლე მსოფლიო ჩემპიონატი

ეს იყო ყველაზე ხანმოკლე ტურნირი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც მხოლოდ 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და სულ 17 მატჩი გაიმართა. ფეხბურთის ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარსაც კი არ შეეძლო, ბევრ მატჩს დასწრებოდა, რადგან პლეი ოფის ყველა შეხვედრა სხვადასხვა ქალაქში პარალელურად ტარდებოდა.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების პროტესტი

პროტესტის ნიშნად, მოქმედმა ჩემპიონმა, ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა ევროპაში გასამართ მუნდიალზე უარი თქვა და იტალიაში არ გაემგზავრა, რადგან არაერთი ევროპული ნაკრები სამხრეთ ამერიკაში ჩატარებულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატში არ მონაწილეობდა.

ბომბარდირი

მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფეხბურთელი ოლდრჟიხ ნეედლი გახდა, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა. მან ფინალშიც ითამაშა და საკუთარ გუნდთან ერთად ტურნირის ვერცხლისმედალოსანი გახდა.

არგენტინელი თუ იტალიელი?

იტალიის ნაკრებში ირიცხებოდა ლუის მონტი, რომელიც მანამდე არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშობდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამგვარად, იტალიური წარმოშობის არგენტინელი მოთამაშე ლუის მონტი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა.

დიქტატორი და ფეხბურთი

ტურნირის ორგანიზებასა და როგორც ცნობილია, მსაჯების დანიშვნაშიც, აქტიურად იყო ჩართული იტალიის დიქატატორი ბენიტო მუსოლინი, რომელსაც ტრიბუნაზე, საპატიო ლოჟაში ხშირად ხედავდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი სტადიონი კი, სწორედ მუსოლინის სახელს ატარებდა.

თეთრები თეთრების წინააღმდეგ 

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ამ მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ორივე  გუნდს თეთრი ფორმა ეცვა. გაურკვევლობამ სტადიონზე შეკრებილი მაყურებლების დიდი პროტესტი გამოიწვია, რადგან გულშემატკივრებს უჭირდათ ერთი ფერის მაისურებში გამოწყობილი ფეხბურთელების გარჩევა. პრობლემა „ნაპოლის“ (მატჩი ნეაპოლში ტარდებოდა) ფეხბურთელების დახმარებით გადაწყდა – მათ პირველი ტაიმის შემდეგ ავსტრიელებს საკუთარი კლუბის ცისფერი ფორმა მისცეს. შეხვედრა „თეთრების“ გამარჯვებით (3:2) დასრულდა და გერმანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასპინძლების ზეიმი და ცნობილი საფეხბურთო ტრადიციის დაბადება

ფინალში, რომელიც 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით რომში გაიმართა, იტალიის ეროვნული გუნდი ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიელებმა 2:1 მოიგეს და მსოფლიოს რიგით მეორე ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალის მთავარი არბიტრი თამაშის დაწყებამდე მუსოლინის ლოჟასთან მივიდა და იტალიის დიქტატორს უამრავი მაყურებლის თვალწინ ესაუბრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მოზეიმე იტალიელი ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელს მოედანზე ხელში აყვანილს დაატარებდნენ – ამ ტრადიციას სწორედ მსოფლიოს 1934 წლის ფინალში ჩაეყარა საფუძველი.