ჯანფრანკო ძოლა - თანამედროვე ფეხბურთში „ათიანი“ აღარ არსებობს #1TVSPORT
ჯანფრანკო ძოლა - თანამედროვე ფეხბურთში „ათიანი“ აღარ არსებობს #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს ჯანფრანკო ძოლას მიაჩნია, რომ თანამედროვე ფეხბურთში აღარ არსებობს ისეთი როლი, რომელსაც „ათიანი“ ასრულებდა – ფეხბურთელი შეტევის ჯგუფიდან, რომელიც, პირველ რიგში, შექმნაზეა ორიენტირებული.

„ეს პროცესი დაიწყო 90-იანი წლების ბოლოს არიგო საკისთან ერთად. მის გუნდებში გაცილებით ნაკლები ადგილი ეთმობოდა შემოქმედებას და გაცილებით მეტი – ორგანიზებას. ადრე ყველა გუნდი ერთნაირად იყო აგებული: ძალიან ძლიერი დაცვით და ბომბარდირებით, რომლებსაც შეეძლოთ მეტოქის განადგურება. ორი ნახევარმცველი, რომლებიც ბურთს ართმევდნენ, პასს აძლევდნენ „ათიანს“ და ის ქმნიდა მომენტს, იგონებდა შედეგიან გადაცემას ფორვარდისთვის. ბევრი შრომა იყო ჩადებული დაცვაში, ბურთის დაბრუნებასა და განლაგებაში. საკიმ კი უფრო ხისტი სტრუქტურა მოიფიქრა ოთხი ნახევარმცველით 4-4-2 სქემაში. გაჩნდა უფრო მეტი პრესინგი, ყველა მოძრაობდა… „ათიანი“ მკაცრად უნდა ჩამჯდარიყო წინასწარ მომზადებულ ტაქტიკურ სქემაში. ისე აღარ იყო, როგორც ადრე, როცა მე-10 ნომერს შეეძლო თავისუფლად ევლო ან ერბინა სადაც მოისურვებდა, გაჰყოლოდა ბურთს, შეექმნა მომენტები.

მე გავიარე ეს, მე ვიყავი ერთ-ერთი ის მოამაშე, რომელსაც საკის ტაქტიკურ მოდელზე მორგებისთვის უნდა შემესრულებინა როლი, რომელიც ჩემი არ იყო. მე ვიყავი ან მარჯვენა გარემარბი, ან მარცხენა ან მეორე ფორვარდი. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რობერტო ბაჯოც.

დღეს კი, მით უმეტეს, ყველა ცდილობს შეტევას, ბურთის შენარჩუნებას, მაგრამ ძალიან მკაცრ ტაქტიკურ კონტექსტში და შედეგად, „ათიანი“ ხდება ან „შვიდიანი“, ან ნომერი 11, ან ცრუ „ცხრიანი“. „ათიანის“ როლი აღარ არსებობს“, – განაცხადა ძოლამ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.